უკან მოხედვა ვერ მოვასწარი, რომ ზაფხული უკვე გარგარის სეზონს მიუახლოვდა. წელს დრო სულ სხვანაირად გადის. როგორც არ უნდა იყოს, დროა შინაურული გარგარის მურაბა მოამზადოთ. ზამთარი ახლოსაა და ცივ სეზონს შინ მომზადებული მურაბა უხდება.
Gastronomia.ge–ს რედაქცია გარგარის მურაბის აზერბაიჯანულ რეცეპტს გიზიარებთ. მზიანი ზაფხული ქილებში!
გარგარის მურაბა
ინგრედიენტები:
- 1 კგ გარგარი
- 800 გ შაქარი
- 250 მლ წყალი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- სოდა
მომზადების წესი:
1. ინგრედიენტების რაოდენობა 1 კგ გარგარზეა დაწერილი, მაგრამ რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ. ხილი მოამზადეთ. სუფთა წყალი აიღეთ. 2 ლ წყალი 1 კგ გარგარზე. წყალში სოდა გახსენით: 1 ს/კ 1 ლ წყალზე. ამ ხსნარში გარგარი ჩადეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ეს აუცილებელია, რომ ხილი ხარშვისას არ ჩაიშალოს.
2. ახლა ჩხირით კურკები მოაშორეთ. მნიშვნელოვანია, ნაყოფი მთელი დარჩეს. გარგარის კურკები გატეხეთ, ბირთვები ამოიღეთ და უკან ნაყოფში ჩადეთ.
3. შაქრის სიროფი გააკეთეთ. რეცეპტში 250 მლ წყალია, მაგრამ მეტი შეგიძლიათ დაუმატოთ. მთავარია, რომ შაქარი ბოლომდე გაიხსნას.
4. გარგარი ცხელ სიროფში მოათავსეთ და აურიეთ. ცეცხლი გამორთეთ და ასე 8 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ კვლავ ცეცხლზე დადგით. დუღილის შემდეგ 10 წუთით ხარშეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
5. სულ ბოლოს ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. ახლა მურაბა ქილებში ჩაასხით. ცოტა შეგიძლიათ დატოვოთ, რომ მისი გემოთი ისიამოვნოთ.
შინ მომზადებული გარგარის მურაბა წარმოუდგენლად არომატული და გემრიელი გამოდის. კურკის ბირთვი განსაკუთრებულ გემოს მატებს. თუ ეს ადრე არასდროს გაგიკეთებიათ, გირჩევთ, სცადოთ. მომწონს, რომ ამ რეცეპტში გარგარი მთელი რჩება. ასე უფრო გემრიელია! მწიფე გარგარით ნაზი საზაფხულო პეროგის მომზადებასაც გირჩევთ!