გებჟალია – მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი. ჩაინიშნეთ რეცეპტი

6031

გებჟალია მეგრული სამზარუელოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. რძე და მზე მეგრულად ერთნაირად გამოითქმის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კერძს საკრალური დანიშნულება ჰქონდა და რიტუალურ სუფრებზე გამოიყენებოდა. გებჟალიას ტრადიციულად მრგვალი ფორმა აქვს და მზეს განასახიერებს, თუმცა ამ კერძს სხვა ფორმითაც ამზადებენ. მიირთმევენ ღომთან ან მჭადთან ერთად.

მომჟავო გემოს მოყვარულებს შეუძლიათ გებჟალიას წვენს მაწონი ან გათქვეფილი ნადუღი დაუმატონ, ან ამ სითხის ნაცვლად მაღალპროცენტიანი ნაღები გამოიყენონ. წვენს შეიძლება ასევე დავუმატოთ გულსართის სანელებლები.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ სასულუგუნე ყველი ან ახალამოყვანილი უმარილო სულგუნი
  • 1 ლ რძე
  • 1 საშუალო კონა პიტნა
  • მწიკვი ხმელი ქონდარი
  • 1 ცალი ცხარე, მწვანე წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. კარგად დავნაყოთ პიტნა, წიწაკა და მარილი, შევურიოთ ქონდარი. უნდა მივიღოთ კრემისებური მასა. ფართოპირიან ქვაბში შევათბოთ  რძე (არ ავადუღოთ).
  2. ყველი დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად და ჩავაწყოთ შემთბარ რძეში ისე, რომ გაიშალოს. დავაყოვნოთ 3-5 წუთი და კოვზით მოვსინჯოთ: თუ ყველი გაიწელა, ამოვიღოთ ლანგარზე, ხელით ოდნავ გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, მკვრივი მასა მივიღოთ. გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქეზე და წავუსვათ პიტნიანი მასა.
  3. ყველის ფენა რულეტივით გადავახვიოთ და დავჭრათ. წვენი, რომელსაც ყველის მასა გაუშვებს გაბრტყელებისას, არ  გადავღვაროთ, მოვაგროვოთ ჯამში.
  4. ქვაბში დარჩენილი რძე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, რომ 1/3 – ით შემცირდეს, შევაგრილოთ და დავუმატოთ ჯამში მოგროვილი სითხე. დაჭრილი გებჟალია ჩავაწყოთ სასურველ ჭურჭელში და დავასხათ მომზადებული წვენი. გებჟალია კარგად გავაცივოთ და ისე მივირთვათ.