არომატული ყავა ქვიშაზე: როგორ მოვამზადოთ სწორად სახლის პირობებში

142

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ თურქეთში, ქვიშაზე ყავის მოდუღების განსაკუთრებული რიტუალი ნანახი გექნებათ. შთამბეჭდავი მოქმედება ძალიან რთული ჩანს. ამ მეთოდით ყავის მომზადებაში განსაკუთრებულად რთული არაფერია. მთავარია, ძირითადი წესები დაიმახსოვროთ.

საკმარისია, ერთხელ მოადუღოთ თურქული ყავა არა ქურაზე, არამედ ცხელ ქვიშაზე, რომ კლასიკური ცხელი სასმლის დალევა აღარ მოგინდებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ნამდვილი თურქული ყავის რეცეპტს, რომლის არომატი ჭკუიდან გადაგიყვანთ.

ქვიშაზე ყავის მოდუღების თავისებურებები

რა დაგჭირდებათ

  • ყავა. არომატული ცხელი სასმლის მოსადუღებლად გამოიყენეთ სუფთა არაბიკა. მხოლოდ წვრილად დაფქული ყავა აიღეთ.
  • ჭურჭელი. ამ მიზნით ძველი ტაფა გამოიყენეთ. ტეფლონის საფარი, ასევე მაღალი გვერდები არ უნდა ჰქონდეს.
  • ქვიშა. თუ ჩვეულებრივ ქვიშას იყენებთ, აუცილებლად გაცერით, გარეცხეთ, მოხალეთ. თუ ამის გაკეთება არ გსურთ, სპეციალური კვარცის ქვიშა შეიძინეთ.
  • მარილი. ამ რეცეპტით ყავის მოსადუღებლად დაგჭირდებათ სუფრის მარილი (მსხვილი არ უნდა იყოს).
  • სითხე. საოცარი ყავა რომ მიიღოთ, ძალიან ცივი წყალი გამოიყენეთ. მასში ყინულის კუბიც შეგიძლიათ დაამატოთ.

ქვიშაზე ყავის მოდუღების ინსტრუქცია

  1. 3 ს/კ სუფრის მარილი და ქვიშა აურიეთ. ნარევი ტაფაზე დაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ. ქვიშა ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ, ყოველ 15-20 წამში აურიეთ.
  2. სუფთა ჯეზვეში წვრილად დაფქული ყავა ჩაყარეთ (ერთ პორციაზე 1 სავსე ჩაის კოვზი საკმარისია). ყინულიანი წყალი დაასხით. სურვილისამებრ, შაქარი, ასევე სანელებლები დაუმატეთ. კარგად აურიეთ ქაფის მიღებამდე.
  3. ჯეზვე ქვიშაში ჩადეთ, ქვიშით ჯეზვეს ძირი დაფარეთ. მნიშვნელოვანია! ჯეზვეს ძირი ტაფას არ უნდა ეხებოდეს. ჯეზვე მსუბუქად აქანავეთ.
  4. ქაფის წარმოქმნისას ჯეზვე ზემოთ ასწიეთ, შემდეგ ქვიშაში ძალიან ღრმად აღარ ჩადოთ. პროცესი სამჯერ გაიმეორეთ, ყავა ადუღებამდე მიიყვანეთ. ამ ეტაპზე ქაფის გადმოსვლა არ უნდა დაუშვათ.
  5. ყავა ფინჯანში ჩაასხით. 1 წუთი მოიცადეთ, სანამ ნალექი დაილექება და დეგუსტაცია გააგრძელეთ.

ამ მეთოდით მომზადებული ყავა ჩაასხით პატარა ფინჯნებში, რომლებიც წინასწარ ოდნავ უნდა შეათბოთ. ასე სასმლის სითბო უფრო დიდხანს შენარჩუნდება, ხოლო მისი გემო გაუმჯობესდება. სიტყვაზე, ასეთი ყავა სუფრაზე ჭიქა სუფთა წყალთან ერთად გაიტანეთ. ასე სასმლის გემოს და არომატს სრულად დააფასებთ, თქვენს რეცეპტორებს განაახლებთ.