როგორ მოვამზადოთ მესხური, ძალიან გემრიელი “ჩეჩილი” ყველი

2487

ჩეჩილი ყველი მესხეთის სიამაყეა და არც ისეთი მარტივი მოსამზადებელია, როგორც ჩვეულებრივი ყველი. მაგრამ თუ თქვენი ინტერესი დიდია ამ ყველის მიმართ, მაშინ გარწმუნებთ არც ისეთი რთული მოგეჩვენებათ მისი მომზადება.

ჩეჩილი ყველის მომზადება:

  1. ახლად მოწველილი, გაწურული რძე ჩავასხათ ქვაბში და ერთი დღე დავტოვოთ. რძე თავზე ნაღებს მოიგდებს.
  2. ნაღები მოვხადოთ, ხოლო რძე შევათბოთ.
  3. თბილ რძეს დავუმატოთ ყველის დედა და ხის კოვზით ნელ-ნელა ვურიოთ ერთი მიმართულებით.
  4. რძე თანდათან შედედდება და კოვზზე დაიწყებს “დახვევას”, ხოლო შრატი ცალკე გამოიყოფა.
  5. გაცხელებული შრატის ნაწილი ქვაბიდან გადმოვწუროთ, ხოლო დარჩენილში კოვზით ყველი დავზილოთ.
  6. ყველი კარგად რომ შეიკვრება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ყველის ზელვა ხელით გავაგრძელოთ.
  7. ცხელ შრატში ხელით ზელვა რთულია, ამიტომ დროდადრო ყველი წინასწარ გადმოწურულ, გაცივებულ შრატში გადმოვიტანოთ და ახლა იქ ვზილოთ.
  8. ყველი გაწელვას რომ დაიწყებს, ქვაბიდან ამოვიღოთ, გავაორკეცოთ და დავგრიხოთ, “დავწნათ”.
  9. ჯოხზე გადავკიდოთ შრატისგან ბოლომდე დასაწურად.
  10. დაწურულ ყველს მარილი შევაყაროთ და გობში მოვათავსოთ, ხოლო მეორე დღეს მარილწყლიან ქილაში გადავიტანოთ შესანახად.