ვაშლის მშრალი მურაბა სრულფასოვან დესერტს ჩაგინაცვლებთ

337

ახლა ვაშლის სეზონია, ამიტომ Gastronomia.ge–ს რედაქცია მშრალი მურაბის მომზადებას გირჩევთ. კლასიკურ ვერსიას სიტკბოთი და გემოთი არ ჩამოუვარდება. დრო სჭირდება, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ნაზი დესერტი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.

მშრალი მურაბისთვის ტკბილი ვაშლი გამოიყენეთ. ზამთრისთვის დიდხანს შესანახი ჯიში, რომელიც უფრო მაგარი და ნაკლებად ტკბილია, არ გამოგადგებათ. ასეთი ზამთრისთვის მოიმარაგეთ, ხოლო ტკბილი ვაშლით მშრალი მურაბა გააკეთეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 300 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

1. ვაშლი შეგიძლიათ არ გათალოთ. ეს თქვენი სურვილით გადაწყვიტეთ. მაინც დარბილდება. ხილი პატარა ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ. დარიჩინი, შაქარი და ლიმონმჟავა მოაყარეთ.

2. ვაშლის ნაჭრებს მშრალი ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მჭიდროდ ჩააწყვეთ და ღუმელში შედგით. 200 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.

3. ვადის გასვლის შემდეგ ვაშლი ღუმელიდან გამოიღეთ და სრულად გაგრილებას დაელოდეთ. რბილი, გემრიელი და ლამაზი ვაშლის ნაჭრები გამოვა.

4. ვაშლის ცივი ნაჭრები პერგამენტდაფარებულ ლანგარზე გადაიტანეთ. დარჩენილი შაქარი მოაყარეთ და სადმე 2–3 დღე გასახმობად გააჩერეთ. თუ აივანზე ახმობთ, ხილს მარლა ან სპეციალური ბადე–საშრობი დააფარეთ.

5. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, ვაშლი 70 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 საათით გააჩერეთ. ღუმელს ვენტილაციის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ჩირის აპარატიც ან ჩვეულებრივი ღუმელიც გამოგადგებათ. ოღონდ ამ შემთხვევაში კარი ოდნავ ღია უნდა დატოვოთ.

შესანახად ჩვეულებრივი ქილა, პლასტმასის ან მინის, ასევე ქაღალდის პარკი გამოგადგებათ. ვაშლის მშრალი მურაბა გარეგნულად ცუკატს ან ჩირს ჰგავს, მაგრამ მურაბაა. ჩაის ან სხვა დესერტს დაუმატეთ. ტორტის გასაფორმებლად, ფუნთუშის ან რულეტის შიგთავსად გამოიყენეთ.

მშრალი მურაბის გამოყენების ბევრი ვარიანტი არსებობს. ასეთი ვაშლის მურაბა სეზონური სურდოს დროს დაგეხმარებათ. დროა, მეგობრები ჩაიზე დაპატიჟოთ.