ხრიკები, როგორ მოამზადოთ კომბოსტოს ფურცლები ტოლმისთვის სწრაფად და მარტივად

18817

ზოგიერთი დიასახლისი კომბოსტოს ტოლმას ძალიან იშვიათად ამზადებს, რადგან ფიქრობს, რომ დიდხანს წვალება მოუწევს. დამწყებ დიასახლისებს საგონებელში აგდებთ კომბოსტოს ფოთლების მომზადება. ოჯახის წევრები ამ გემრიელი კერძით რომ გაანებივროთ, მთელი დღის სამზარეულოში გატარება საჭირო არაა. საღამოს შეგიძლიათ მოამზადოთ, ხოლო დილით ან სადილის დროს ტოლმა შეახვიოთ. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის წყალობით კომბოსტოს ტოლმა სწრაფად მზადდება, ხოლო მომზადების დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

Gastronomia.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, როგორ მოამზადოთ კომბოსტოს ფურცლები ტოლმისთვის სწრაფად და მარტივად.

კომბოსტოს ფურცლები ტოლმისთვის სწრაფად

მზა კომბოსტოს ფურცლები თხელი და ლამაზი რომ იყოს, კომბოსტოს სახეობა სწორად შეარჩიეთ. მაგარი, მრგვალი და მძიმე თავები უხეში ფურცლებით შეუფერებელია. აიღეთ ფართო და ბრტყელი ნიმუშები, რომელთაც სწორი და თხელი ფურცლები აქვს. რამდენიმე თავს შორის აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მსუბუქია.

ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

1. კომბოსტო ტოლმისთვის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ. ბორშის, სალიანკას ან რაგუს მომზადებამდე კომბოსტოს ზედა ნაწილი ფრთხილად მოაჭერით, პარკში შეფუთეთ და საყინულეში შეინახეთ. როცა ტოლმის მომზადებას გადაწყვეტთ, საყინულიდან გამოიღეთ და გაალღვეთ. ფურცლები ლამაზი, დამყოლი და უხეში ძარღვების გარეშე გამოვა.

2. კომბოსტოს მთელი თავი შეგიძლიათ გაყინოთ. ზედა ფურცლები მოაშორეთ, ხიკვი მოაჭერით, პარკში გაახვიეთ და საყინულეში მოათავსეთ. ასე გააკეთეთ, როცა კომბოსტო ბევრია და გაფუჭებას იწყებს. საჭიროებისამებრ გამოიღეთ და გაალღვეთ, როცა ტოლმის მომზადებას გადაწყვეტთ.

3. კომბოსტო ტოლმისთვის მიკროტალღურ ღუმელში სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ. კომბოსტო გაწმინდეთ (გარეცხეთ), გაფუჭებული ფურცლები მოაშორეთ და დიდი დანით ხიკვი ამოჭერით. მიკროტალღური ღუმელი 800 ვტ–ზე ჩართეთ და 1,5-2 კგ–მდე წონის კომბოსტო 10-12 წუთით მოხარშეთ.

სასურველია, რომ პროცესი უყურადღებოდ არ დატოვოთ და კომბოსტოს მომზადების ეტაპი მუდმივად აკონტროლოთ. სხვადასხვა სახეობის კომბოსტო დიდხანს ან უფრო სწრაფად შეიძლება მოიხარშოს. როცა დარწმუნდებით, რომ ფურცლები საკმარისად დარბილდა, კომბოსტო გამოიღეთ და ცივ წყალში ან ონკანის გამდინარე წყალში გააგრილეთ. შემდეგ ფურცლები ფრთხილად მოაშორეთ, თეფშზე დააწყვეთ, რომ ტოლმა გაახვიოთ. ბოსტნეული პარკში შეგიძლიათ შეფუთოთ, რომ მომავალ გამოყენებამდე გაყინოთ.

სხვა რჩევები

ბევრი დიასახლისი კომბოსტოს ტრადიციული მეთოდით მდუღარე მარილიან წყალში ორთქლავს. ამგვარად რამდენიმე თავი კომბოსტო ერთდროულად შეგიძლიათ მოხარშოთ და მოიმარაგოთ: დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით და ცოტა მარილი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და მზა კომბოსტოს თავი ჩაუშვით.

ორთქლზე მომზადებამდე კომბოსტოს გაფუჭებული ზედა ფურცლები მოაშორეთ და ხიკვი ამოჭერით. მზა ფურცლები მოაშორეთ და კომბოსტოს თავი უკან წყალში ჩაუშვით, სანამ ბოლო შესაფერის ფურცლამდე არ დაშლით. ნამზადი პორციებად დაყავით და საყინულეში გაყინეთ, წინასწარ პარკებში შეფუთეთ.

კომბოსტოს ტოლმა შეგიძლიათ დაამწნილოთ. სამლიტრიან ქილაში ფურცლები ჩააწყვეთ, მარილწყალი დაასხით და პლასტმასის თავსახური დაახურეთ. მარილწყლისთვის სუფთა წყალი აიღეთ და 1 ლ სითხეს 3 ს/კ სუფრის მარილი დაუმატეთ. ქილები გრილ ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ. ასეთი კომბოსტო ტოლმის მომზადებამდე ოდნავ მოხარშეთ, რომ სიმჟავე მოშორდეს და ფურცლები რბილი და ელასტიური გახდეს.

ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადების თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიეთ, ნამზადის მომარაგება ისწავლეთ და კერძი მოამზადეთ სწრაფად, მარტივად და სიამოვნებით!