წვნიანი ფარშირებული წიწაკა ბრინჯის გარეშე. ჩვეულებრივზე 5-ჯერ უფრო გემრიელია

467

დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დიასახლისმა იცის, როგორ მოამზადოს ფარშირებული წიწაკა. ცოტამ თუ იცის, რომ ამ კერძის მომზადება ბრინჯის გარეშე შეიძლება, ასე შიგთავსი უფრო წვნიანი და გემრიელი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, რა ჯადოქრობაზეა საუბარი. მოემზადეთ, ოჯახის წევრები დამატებას მოგთხოვენ.

როგორ მოვამზადოთ ფარშირებული წიწაკა

ტრადიციულად ფარშირებული წიწაკა ბრინჯი–ხორცის შიგთავსით მზადდება. უხორცო ვარიანტებიც არსებობს. მის ნაცვლად ხშირად სოკოს იყენებენ. თუმცა ბრინჯი ერთ–ერთ მთავარ ინგრედიენტად რჩება. გთავაზობთ, ბრინჯი ჩაანაცვლოთ სხვა მარცვლეულით, კერძოდ, ფეტვით. თავად შიგთავსი პომიდვრის და ბევრი მწვანილის ხარჯზე უფრო წვნიანი გახადეთ.

ასეთი ფარშირებული წიწაკა თქვენს ახლობლებს არ გაუსინჯავთ. კერძი როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო სუფრას უხდება. თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები:

  • 8 ბულგარული წიწაკა
  • 300 გ ძროხის ფარში
  • 200 გ ღორის ფარში
  • 3 პომიდორი
  • 100 გ ფეტვი
  • 4 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 7 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ აჯიკა
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი, ხმელი სუნელი, წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მარცვლეულის მომზადებით დაიწყეთ. ფეტვი გამდინარე წყალში რამდენჯერმე გარეცხეთ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ეს საჭიროა, რომ ფეტვიდან სიმწარე გამოვიდეს. შემდეგ წყალი გადაასხით.

2. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, თესლისგან გაწმინდეთ. ძროხის და ღორის ფარში აურიეთ. პომიდორი, ქინძი და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. ფარშს პომიდორი, ქინძი, მწვანე ხახვი და ფეტვი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მარილი და სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ.

3. ბულგარული წიწაკა მიღებული შიგთავსით გაავსეთ. სქელძირიან ქვაბში ჩააწყვეთ ისე, რომ ერთმანეთს მჭიდროდ მიეკროს. სოუსისთვის არაჟანი და პომიდვრის პასტა აურიეთ. ნარევს აჟიკაც დაუმატეთ, ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ და სოუსი ფარშირებულ წიწაკებს მოასხით.

4. წიწაკა ქურაზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, თავსახური დაახურეთ და 35-40 წუთით თუშეთ. სიტუაციის მიხედვით ქვაბს ცოტა წყალი დაასხით. ვადის გასვლის შემდეგ კერძი თავსახურის ქვეშ ცოტა ხნით გააჩერეთ. მზადაა.

ფარშირებული წიწაკა

ექსპერიმენტების და გემოების თამაშის არ შეგეშინდეთ. ფარშირებული წიწაკა წვნიანი კარტოფილის შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. მასში ხორცი არაა, მაგრამ კლასიკურს არაფრით ჩამოუვარდება.

არა მხოლოდ შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ, არამედ მომზადების მეთოდი. წიწაკა ხორცით და ყველით შეგიძლიათ გამოაცხოთ. დაჩქარებული ვერსიაა მათთვის, ვისაც სამზარეულოსთვის დრო არასდროს ყოფნის.

ფარშირებული ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ გაყინოთ და შეინახოთ. იდეალურია დიასახლისებისთვის, რომელთაც მომარაგება უყვართ.