ფარშირებული ბადრიჯანი ნივრით. მწნილის იდეალური რეცეპტი

246

უკვე შეინახეთ ყაბაყის, პომიდვრის და კიტრის მწნილი ზამთრისთვის? Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ერთ საინტერესო ნამზადს, რომელიც საკმაოდ ორიგინალური და საოცრად გემრიელია. ზამთრისთვის შეინახეთ ფარშირებული ბადრიჯანი ნივრით, რომ ცივ სეზონზე ზაფხულის წასახემსებელი მიირთვათ.

მნიშვნელოვანი ნიუანსი. ინგრედიენტებში მითითებულია 1 მსხვილი თავი ნიორი. თუ საკმარისი არაა, კიდევ ცოტა დაუმატეთ. რაც შეეხება ბადრიჯანს, ასეთი ნამზადისთვის საშუალო და თანაბარი ზომის ბოსტნეული დაგჭირდებათ.

როგორ მოხუფოთ ფარშირებული ბადრიჯანი ნივრით ზამთრისთვის

მზა ნამზადს ცხარე და ძლიერი არომატი რომ ჰქონდეს, პომიდვრის სოუსს თქვენთვის საყვარელი სანელებლები ან ხმელი მწვანილი დაუმატეთ. პროვანსული სუნელები და დაფქული ცხარე წიწაკა ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ნიორი
  • 2 კგ ბადრიჯანი
  • მარილი გემოვნებით
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი გარეცხეთ და ყუნწი მოაშორეთ. ბოსტნეულს ცივი წყალი დაასხით. 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. პომიდორი კარგად გარეცხეთ. კანი მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით. პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და დააბლენდერეთ.

3. პომიდვრის ნარევი ქვაბში გადაასხით. ზეითუნის ზეთი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნარევი გააცხელეთ. პირველი ბუშტების გამოჩენისთანავე ქურიდან გადადეთ.

4. თითოეული ბადრიჯანი სიგრძეზე ჩაჭერით ისე, რომ ზედა და ქვედა კიდემდე ბოლომდე არ მიხვიდეთ. ნიორი გაასუფთავეთ. ბადრიჯანი ნივრით გაავსეთ.

5. ბადრიჯანი ნივრით პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. მზესუმზირის ზეთი წაუსვით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.

6. გამომცხვარი ბადრიჯანი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. ცხელი პომიდვრის ნარევი დაასხით. ქილები კარგად მოხუფეთ. სამზარეულოში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ამ მეთოდით მომზადებული გემრიელი ბადრიჯანი სუფრაზე წასახემსებლად პირდაპირ ქილით შეგიძლიათ გაიტანოთ. ასევე ბადრიჯანი შეგიძლიათ წინასწარ შეწვათ ან ცეცხლგამძლე ფორმაში პომიდვრის სოუსში გამოაცხოთ. ასე მიიღებთ სრულყოფილ მეორე კერძს, რომლის გატანა სადღესასწაულო სუფრაზეც არ შეგრცხვებათ.