კუჭმაჭი ძალიან გემრიელი კერძი გახლავთ. ის ქართული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. კუჭმაჭი შეიძლება მოვამზადოთ როგორც ღორის, ასევე საქონლის გულ-ღვიძლისგან.
ინგრედიენტები:
- ღორის გულ-ღვიძლი 1 კგ
- ნიგოზი – 300 გ
- ხახვი – 2-3 თავი
- ნიორი -3-4 კბილი
- ქონდარი – 50 გ
- ბროწეული 1/2 ჩაის ჭიქა
- ხმელი სუნელი და ზაფრანა 1-1 ჩაის კოვზი
- წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ღორის ან გოჭის გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს და მოვხარშოთ. მოხარშული გულ-ღვიძლი გადავიღოთ საწურზე და გავაცივოთ.
- დავჭრათ პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. ბულიონი დროებით შევინახოთ.
- ერთად დავნაყოთ ნიგოზი და ნიორი.
- დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქონდარი (ქონდარი შეიძლება დაფქულიც), დაფქული ზაფრანა, ხმელი სუნელი, წიწაკა და მარილი. ავურიოთ კარგად. გავხსნათ ცოტაოდენ ბულიონში, დავამატოთ ძმარი და მომზადებული საკმაზი და ავურიოთ მოხარშულ გულ-ღვიძლს.
- თუ კუჭმაჭი მშრალი გამოვიდა შეიძლება ბულიონის დამატება.
- ბოლოს დავამატოთ ბროწეულის მარცვლები.
ასე მზადდება საქონლის კუჭმაჭიც.