შქმერული – განსაკუთრებული და დაუვიწყარი კერძი თქვენს სუფრაზე

3879

ნივრის სოუსისა და ფრინველის ხორცისგან მომზადებული კერძები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ძველთაგანვე მზადდებოდა – თიხის ქოთანში წვნიანის სახით თუ კეცზე გამომცხვარი. ამ კერძს რძე მოგვიანებით დაემატა და რაჭულ სოფელს, “შქმერს” დაუკავშირდა, სახელწოდება “შქმერული” სწორედ ამ სოფლის დასახელებიდან მოდის.

ინგრედიენტები: 

  • ქათამი (წიწილა) – 1 ცალი
  • რძე – 500 მლ
  • ნიორი – 20 გ
  • ერბო (ან კარაქი) – 20 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაჭერით ქათამი მკერდის მხრიდან, შუაზე გადაშალეთ, შეაზილეთ მარილი. დადეთ გახურებულ ერბოიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე და შეწვით ტაბაკად. ქათამი ტაფაზე კანის მხრიდან მოათავსეთ, ზემოდან დაადეთ რაიმე მძიმე ჭურჭელი, რათა სიმძიმის ხარჯზე ხორცი კარგად გაიშალოს და თანაბრად შეიწვას. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, გადმოატრიალეთ. სიმძიმე ორივე მხრიდან შეწვისას გამოიყენეთ. შემწვარი ქათამი გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში, ტაფაზე დარჩენილი ნაწნავები და ცხიმი კი ცალკე მოაგროვეთ.
  2. გაახურეთ პატარა ქვაბი და ჩააყარეთ ქათმის ნამწვავები ცხიმიანად, დაამატეთ დაკეპილი ნიორი და მოშუშეთ. მასა ქვაბის ძირზე მიკრობას რომ დაიწყებს, დაასხით ცოტა რძე და 3-4 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. რძე რომ დაშრება, კიდევ დაასხით ცოტა რძე და საბოლოოდ ასე, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ დარჩენილი რძე, სანამ შესქელებულ მასას არ მიიღებთ. მომზადებული სოუსი ჩაასხით სასურველ ჭურჭელში და შიგ დაჭრილი ქათამი ჩააწყვეთ.

აი, ეს გახლავთ ნამდვილი შქმერულის რეცეპტი. გაუზიარეთ ის მეგობრებს.