მეგრულ ხარჩოს ბებოს ნასწავლი რეცეპტით ვამზადებ. უგემრიელესი გამომდის

2759

სიტყვა “ხარჩოს” (ხარშოს) ხორციანი ცხელი კერძის აღსანიშნავად ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანი ახსენებს თავის ლექსიკონში, ხოლო ქართული ენის მდიდარი დიალექტოლოგიური მასალა კერძის სხვადასხვა  ვარიანტს გვთავაზობს. მას ფრინველის ხორცისა და კურდღლისგანაც ამზადებენ და ტყლაპით, კვაწარახითა თუ ბროწეულის წვენით აზავებენ. ეს რეცეპტი რომელსაც ახლა გთავაზობთ, ბებომ ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლა. საკუთარი ოჯახის შემქმნის შემდეგ კი ეს კერძი ჩვენი ოჯახის მთავარი კერძი გახდა. აი რეცეპტიც.

ინგრედიენტები: 

  • საქონლის ხორცი – 400-500 გ
  • ნიგოზი – 300 გ
  • ხახვი – 150 გ
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • პამიდორი – 400 გ
  • ყვითელი ყვავილი – 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1,5 ს.კ.
  • ქინძი (ხმელი) – 1,5 ს.კ.
  • ქინძი – 20 გ
  • ზეთი -70 მლ
  • კვაწარახი – 1 ჩ.კ.
  • სიმინდის ფქვილი – 2 ს.კ.
  • წყალი -250 მლ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საქონლის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ. ნახარში დოლბანდში გაწურეთ და შეინახეთ.
  2. ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როცა შეოქროსფერდება, დაამატეთ გახეხილი პამიდორი და შუშეთ, სანამ წვენს არ შეიშრობს. დაამატეთ დაკეპილი ნიორი და შიგ ჩააწყვეთ მოხარშული ხორცის ნაჭრები.
  3. ცალკე პატარა ჯამში ჩაყარეთ სიმინდის ფქვილი და დაამატეთ 1 ჭიქა წყალი, გატარებული ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა და კვაწარახი. კარგად აურიეთ და ჩაამატეთ ხახვიან მასაში. ადუღეთ 5-7 წუთს, შემდეგ დაამატეთ ხორცის ნახარში და წამოადუღეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

სცადეთ ხარჩოს ამ რეცეპტით მომზადება და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!