ნამცხვარი „სენდვიჩი“: იდეალურია ხაჭოს დესერტების მოყვარულებისთვის

738

თუ გემრიელი და სწრაფი დესერტის რეცეპტს ეძებთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭოს ნამცხვარს „სენდვიჩი“.

უმარტივესი რეცეპტი ბავშვებისთვის იდეალურია. დამეთანხმეთ, საბავშვო წვეულებისთვის ცხიმიანი კრემის მქონე დიდი ტორტის გამოცხობა საჭირო არაა. ულუფებიანი ნამცხვრით იოლად გახვალთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტორტის ჭამა მოსახერხებელი იყოს, ხოლო ბავშვები არ დაისვარონ. სწორედ ამიტომ, გემრიელი ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით იდეალური არჩევანია!

დესერტი ძალიან სწრაფად მზადდება და შეუდარებელი გამოდის. სხვათა შორის, ნამცხვარი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც მოეწონებათ!

ინგრედიენტები:

  • 130 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 500 გრ ხაჭო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2 ს/კ კაკაო
  • 1 ჩ/კ სახამებელი
  • ½ ჭიქა ქიშმიში (გემოვნებით დაუმატეთ სხვა ჩირი, კაკალი, ლიმონის ცედრა ან ცუკატი)
  • 1,5 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი:

  1. ცომი მოამზადეთ: გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  2. 100 გრ კარაქი გაადნეთ და ცოტა გაგრილება აცადეთ. 1/3 ჭიქა შაქარი, 1 ამპულა ვანილის ესენცია დაუმატეთ და აურიეთ.
  3. 1 ს/კ კაკაო დაუმატეთ, კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიშვას. ამ ნარევს 1 კვერცხი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  4. ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეკვრებათ. 1/3 ცომი აიღეთ და საყინულეში შეინახეთ. დარჩენილი ცომი 20×20 სმ ან 18×25სმ ფორმაში გადაიტანეთ. წინასწარ საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ცომი მთელ ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ. ცომი საკმაოდ რბილია, ამიტომ ამის ხელით გაკეთება მარტივია.
  5. ახლა ხაჭოს შიგთავსის მომზადებაზე გადადით. 30 გრ კარაქი გაადნეთ. 3 კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილები მაცივარში შეინახეთ. ხაჭოს კოვზით კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ დარჩეს. თუ ხაჭო ფხვიერი და მშრალია, საცერში გადახეხეთ. ხაჭოს დარჩენილი შაქარი, 1 ამპულა ვანილის ესენცია დაუმატეთ და აურიეთ.
  6. კვერცხის გულებს კოვზით აურიეთ. ხაჭოს გაგრილებული გამდნარი კარაქი და კვერცხის გულების მასა დაუმატეთ.
  7. ქიშმიში ცოტა ხნით წყალში ჩაალბეთ, შემდეგ გაწურეთ და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ხაჭოს 1 ს/კ სახამებელი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.
  8. ცილები სქელი ბეზეს მიღებამდე ათქვიფეთ და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ და შიგთავსი ცომს დაუმატეთ. ზედაპირი გაათანაბრეთ.
  9. ცომი საყინულიდან გამოიღეთ და ზემოდან, მთელ ზედაპირზე დაახეხეთ.
  10. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 50 წუთით აცხვეთ.
  11. ნამცხვარი სწრაფად მზადდება, სუფრაზე ცხელ რძესთან ან ჩაისთან ერთად გაიტანეთ.
  12. გემრიელად მიირთვით!