მეგრული კუჭმაჭი – კერძი, რომელიც მუდამ აღფრთოვანებას იწვევს

4512

მეგრული კუჭმაჭი ქართული კულინარიის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ. ასე მომზადებულ კუჭმაჭს ძალიან უხდება ღომი. თუ ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, აუცილებლად დააგემოვნეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის გული, ღვიძლი, ფილტვი და ფაშვი
  • 2-3 თავი ხახვი
  • ქინძი და ბროწეული ზემოდან მოსაყრელად
  • ქონი ან ზეთი

სანელებლებისთვის

  • 1 ს.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ს.კ. უცხო სუნელი
  • 0,5 ჩ.კ. ხმელი ქონდარი
  • 1-2 ცალი დაღერღილი წიწაკა
  • 5-8 კბილი ნიორი
  • 1-2 ს.კ. მარილი

მომზადების წესი:

  1. შიგნეულობა გავრეცხოთ რაც შეიძლება კარგად, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ხარშვის დროს მოვქაფოთ. როდესაც მოიხარშება, გადმოვიღოთ და შეგრილება ვაცადოთ. შემდეგ სასურველ ზომაზე დავჭრათ.
  2. წიწაკას დავუმატოთ ნიორი და მარილი. დავნაყოთ კარგად. მიღებულ მასას დავუმატოთ ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი და ისევ დავნაყოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ამ სანელებლით შევაზავოთ კუჭმაჭის გამზადებული მასალა.
  3. ღრმა და სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ქონი ან ზეთი. ჩავყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ შეზავებული კუჭმაჭი, კარგად რომ გაცხელდება, მზადაა. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვის რგოლები და ბროწეულის მარცვლები.

მოხარშეთ ღომი და მიირთვით გემრიელად!