კერძები პიკნიკისთვის, რომელიც ბუნებაში შიმშილის გრძნობას დაგიკმაყოფილებთ

1592

ცივი ზამთარი უკან მოვიტოვეთ, წინ ცხელი ზაფხულია, რომელიც უამრავ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებს. და რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ბუნებაში პიკნიკზე წასვლა?

პიკნიკისთვის შეგიძლიათ ძალიან ბევრი კერძი მოამზადოთ ხორცის გარეშე, ხილისგან და სასარგებლო ბოსტნეულისგან.

კერძები პიკნიკისთვის

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე კერძს, რომლებიც შეგიძლიათ მოამზადოთ პიკნიკზე.

სოკოს ბურგერები

სოკოს ბურგერები ჩვეულებრივი ბურგერისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ფუნთუშას ნაცვლად სოკო “შამპინიონს” ვიყენებთ. იგი არაკალორიული და ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები 8 ცალი სოკოს ბურგერისთვის

  • 16 ც შამპინიონი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 150 გრ ყველი “ტოფუ”
  • 1 ც ბადრიჯანი
  • 1 ც პომიდორი
  • სალათის ფურცლები
  • ნებისმიერი მარინადი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ შამპინიონი და დააცალკევეთ მისი “ფეხებისგან”. თქვენ მხოლოდ მისი “ქუდები” დაგჭირდებათ. სოკოს “ქუდები” მოათავსეთ მარინადში (მე სოიოს სოუსსა და თაფლს ვიყენებ).

2. ბადრიჯანი და პომიდორი დაჭერით მრგვალად. პილპილი-რგოლებად. ყველი ტოფუ დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და ისიც მოათავსეთ მარინადში.

3. შეწვით მაყალზე ბადრიჯანი, პილპილი, ტოფუ და პომიდორი.

4. ამ ბურგერში ფუნთუშას ნაცვლად სოკო გამოიყენება. პირველ ფენად დადეთ სოკო, დაადეთ ზემოდან ბულგარული პილპილი, ყველი “ტოფუს” ნაჭერი, შემდეგ პომიდორი, ბადრიჯანი და სალათის ფურცელი. ზემოდან კი კვლავ სოკო დაადეთ. შემდეგ ეს ყველაფერი წამოაცვით შამფურზე.

5. სულ ესაა, სოკოს ბურგერები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

იტალიური პური პომიდვრითა და ბასილით 

ამ კერძის უპირატესობა არის ის, რომ ბაგეტი გამოიყენება როგორც ბაზა, ხოლო შიგთავსი, ნებისმიერი პროდუქტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ, რაც ხელთ გაქვთ.

ინგრედიენტები

  • ბაგეტი
  • 2 ც პომიდორი
  • ერთი კბილი ნიორი
  • 50 გრ ბასილი
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. დაჭერით ბაგეტი და შეწვით მაყალზე, რომ ხრაშუნა გახდეს. დაჭყლიტეთ ნიორი და წაუსვით ხრაშუნა პურის ნაჭერს.

2. წვრილად დაჭერით ბასილი და პომიდორი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ღვინის ძმარი და მარილი (გემოვნებით). გადააფარეთ თასს საკვები ქაღალდი და გააჩერეთ 10 წუთით. ასე პომიდორი უკეთესად გაიჟღინთება ძმრის, ზეთისა და ბასილის არომატში.

3. ხრაშუნა პურზე სქელ ფენად მოათავსეთ პომიდვრის შიგთავსი.

სოიოს ქაბაბი

სოიოს ქაბაბი-ხორცის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. იგი ძალიან გემრიელი და საკმაოდ ბიუჯეტურია.

ინგრედიენტები 

  • 200 გრ სოიო
  • 2 ც ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ც დაფნის ფოთოლი
  • 3 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ჩ.კ. ღვინის ძმარი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • კურკუმა გემოვნებით
  • ხმელი სუნელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. დაასხით სოიოს მდუღარე წყალი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, გააჩერეთ 60 წუთით და შემდეგ გადაუწურეთ წყალი.

2. დაჭერით ნიორი წვრილად, ხახვი-რგოლებად.

3. თასში მოათავსეთ სოიოს ნახევარი, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. დაუმატეთ კურკუმა და ხმელი სუნელი.

4. შემდეგ დაალაგეთ ზემოდან ხახვი, ისევ სოიო, ნიორი და სანელებელი. მოასხით ზემოდან სოიოს სოუსი, ღვინის ძმარი, მცენარეული ზეთი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.

5. თასს დაახურეთ სახურავი და ცოტათი შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები კარგად აირიოს ერთმანეთში. გააჩერეთ 15-20 წუთი. გადაიტანეთ სოიო და ხახვი მაყალზე და შეწვით ნახშირზე 15 წუთის განმავლობაში, ორივე მხარეს.

ბანანი შოკოლადით მაყალზე

ინგრედიენტები

  • ბანანი (იმდენი, რამდენი ადამიანიცაა)
  • 1 ფილა შოკოლადი
  • ზეფირი
  • 100 გრ ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი

1. გაჭერით ბანანი შუაში (ნავის ფორმაზე). მოათავსეთ მასში შოკოლადი და ზეფირი.

2. გაახვიეთ ბანანი ფოლგაში და შეწვით მაყალზე 5 წუთის განმავლობაში. სანამ მიირთმევთ, შეგიძლიათ ბანანს ქოქოსის ფანტელი მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!