იახნი ქობულეთურად – მეორე დღეს კერძი კიდევ უფრო გემრიელია!

2158

იახნს ხშირად აჭარულ კერძად მოიხსენიებენ, მაგრამ სინამდვილეში მას მხოლოდ ქობულეთში ამზადებენ და აჭარის დანარჩენი მოსახლეობისათვის ის უცხოა. ის მეგრულ ხარჩოს მოგვაგონებს და მათ შორის არის ბევრი საერთო, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

იახნს ერთი თვისება აქვს _ ის ძალიან მალე ცივდება, ამიტომ სუფრასთან მიაქვთ ცხლად და ხშირ შემთხვევაში, განმეორებით აცხელებენ. ითვლება, რომ ეს კერძი მომზადებიდან მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგანაც სანელებლები განსხვავებულ გემოს და არომატს სწორედ დროის გასვლის შემდეგ ავლენენ.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი 1 კგ
  • ხახვი 4-5 თავი
  • ნიგოზი 200 გ
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • სიმინდის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • ერბო ან კარაქი 100 გ
  • ხმელი სუნელი 2 სუფრის კოვზი
  • ზაფრანა 2 სუფრის კოვზი
  • ხმელი ქინძი 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • პილპილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საქონლის მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი იმდენი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და დავდგათ მოსახარშად.
  2. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი დარბილდება, ე.ი. თითქმის მოიხარშება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი, ხმელი სუნელი, ზაფრანა და გავაგრძელოთ მოხარშვა.
  3. ცალკე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი, პურის და სიმინდის ფქვილი და ისიც დავუმატოთ კერძს.
  4. როცა ხორცი მოიხარშება, ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავუმატოთ დანაყილი ნიორი, მარილი, ხმელი ქინძი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, მოვურიოთ და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.