პამიდვრის მეგრული საწებელი, ანუ პამიდვრის წვენი, ცხარე და არომატული საწებელია, რომელსაც მეგრულ კუჭმაჭთან, შემწვარ ქათამთან, ღომსა და ყველთან ერთად მიირთმევენ. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით მის სრულყოფილებაში.
ინგრედიენტები:
- 5 კგ ძალიან მწიფე პამიდორი
- 5-6 კბილი ნიორი
- ხმელი ქინძი
- უცხო სუნელი
- მარილი
- წითელი წიწაკა
მომზადების წესი:
- პამიდორი დავსეროთ, მოვწალოთ და მოვათავსოთ ქვაბში მოსახარშად. ჯობს, ჩაყრისას ცოტა მოვსრისოთ, რომ წვენი გაუშვას.
- თუ წვენი არ მოიყენა, ცოტა წყალი დავასხათ, რომ არ მიიწვას. ვადუღოთ 10-15 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავიტანოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, შევაგრილოთ და თუშფალანგზე გავხეხოთ.
- როდინში დავნაყოთ სანელებლები: წიწაკა, მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ნიორი. სანელებლები საწებელს გემოვნებით დავუმატოთ.
- მიღებული მასა გავხსნათ პამიდვრის წვენში, საცერზე გავხეხოთ, რომ პამიდვრის თესლი არ გაჰყვეს, და დავდგათ ცეცხლზე. თუ საწებელს ზამთრისთვის ვინახავთ, 1/3-ზე უნდა დადუღდეს, ყოველდღიურად სახმარად კი 10-15 წუთის დუღილიც საკმარისია. დუღილის დროს საწებელს უნდა ვურიოთ ხის კოვზით.