ჰალვას აჭარაში სარიტუალო დატვირთვა აქვს. მას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად ამზადებენ და აუცილებლად უნდა შეიცავდეს შვიდ ინგრედიენტს, ამიტომ მომზადებისას 2-3 წვეთ წყალსაც ამატებენ. ამ ნუგბარის მომზადებას გამოცდილ დიასახლისს ანდობენ.
ინგრედიენტები:
- 900 გ პურის ფქვილი
- 50 გ წმინდად დაფქული ბრინჯის ფქვილი
- 50 გ წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი
- 650-700 გამდნარი კარაქი
- 500 გ შაქარი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- პურის, სიმინდისა და ბრინჯის ფქვილი ერთად დავყაროთ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ მიიწვას. ვხალოთ 1 საათის განმავლობაში, სანამ გაოქროსფრდება.
2. ფქვილთან ანთებული ასანთი მივიტანოთ, თუ ცეცხლი მოეკიდა, ესე იგი, მზადაა.
3. მოხალული ფქვილი გადავიტანოთ საცერში და გავცრათ, თან კოვზით დავაწვეთ, რომ შეკრული ბურთულები გაიხსნას. გაცრილ ფქვილს მოვაყაროთ მარილი და ფენა-ფენა ვუმატოთ შაქარი, ასე უფრო კარგად შეერევა თბილ-თბილ ფქვილს და გადნება.
4. შაქრისა და ფქვილის მასას ნელ-ნელა ვუმატოთ გამდნარი კარაქი და ხელით ვზილოთ. პატარა გუნდა ხელში დავაგუნდაოთ, თუ არ შეიკვრა, ცხიმი კიდევ დავუმატოთ.
5. ჰალვის მზა მასისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, დავტკეპნოთ სადილის კოვზზე და ფრთხილად გადავიტანოთ თეფშზე. შეგვიძლია სხვანაირი ფორმაც მივცეთ – გავაკეთოთ მრგვალი გუნდები, შუაზე გავჭრათ და ისე მოვათავსოთ თეფშზე.
თუ ბრინჯის ფქვილი არა გვაქვს, სიმინდის ან პურის ფქვილით ჩავანაცვლოთ. ჰალვას შეგვიძლია დავუმატოთ დაჭრილი ნიგოზი და ცოტა ვანილი.