მოამზადეთ სამარხვო მაიონეზი საკუთარი ხელით. მაღაზიაში შენაძენზე გაცილებით გემრიელი და უსაფრთხოა

3492

მაიონეზი – სალათების შესაზავებელი სოუსი, რომელიც აბსოლიტურად ყველა ადამიანს ძალიან გვიყვარს, თუმცა მისი მიღებისგან მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რადგან ეს პროდუქტი არაერთ მავნე ნივთიერებას შეიცავს და მას უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარდა საზიანო ქიმიური შემადგენლობისა, მაიონეზი საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და მაღალი კალორიულობით გამოირჩევა.

გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, მაიონეზის ანალოგიური, თუმცა გაცილებით უსაფრთხო სოუსი კვერცხის ცილისგან მოვამზადოთ. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მარხვას ვიცავთ და კვერცხის მირთმევა გვეკრძალება? ასეთ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ნებისმიერ სხვა თხევად პროდუქტს, რომელიც ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

სამარხვო, ძალიან გემრიელი მაიონეზი საკუთარი ხელით

ნატურალური მაიონეზის მოსამზადებლად, როგორც წესი, იყენებენ რძეს, არაჟანს ან აკვაფაბას. ნუ შეგეშინდებათ, აკვაფაბა არა ძვირადღირებული ემულგატორი, არამედ უბრალო სითხეა – ნახარში, რომელიც მარცვლეულის (ლობიოს, ბარდის, ოსპის) მოხარშვის შემდეგ რჩება.

გამოტყდით, სად მიგაქვთ კონსერვირებული ლობიოს ან ბარდის მარილწყალი? დიდი ალბათობით თქვენ მას, ისევე როგორც დიასახლისების უმრავლესობა, ნიჟარაში აქცევთ და თავიდან იშორებთ. სინამდვილეში, ეს მართლაც ღირებული აკვაფაბაა, რომლისგანაც არა მხოლოდ მაიონეზის, არამედ გემრიელი ზეფირისა და ბეზეს მომზადებაა შესაძლებელი.

ახლა კი გთავაზობთ ძალიან გემრიელი, ნატურალური მაიონეზის მომზადების მარტივ ინსტრუქციას. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება.

ინგრედიენტები:

  • 150 მლ მარცვლეულის ნახარში ან ლობიოსა და ბარდის კონსერვის მარილწყალი
  • 350-500 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
  • ნებისმიერი სანელებელი თქვენი გემოვნების მიხედვით

მაიონეზი შეიძლება არ აითქვიფოს კარგად ზედმეტად ფართო ჭურჭელის ან ინგრედიენტების განსხვავებული ტემპერატურის გამო. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ყველა ინგრედიენტს უშუალოდ მზადების დაწყების წინ მაცივრიდან გამოიღებთ და გამოიყენებთ ისეთ ჭურჭელს, რომელიც ბლენდერზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალია. თუ თქვენ ეს სპეციალური ჭრუჭელი ან ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ლიტრიანი მინის ქილის და მიქსერის გამოყენება.

მომზადება:

1. მარიწყალში ან ნახარშში (რომელზეც თქვენ შეაჩერებთ არჩევანს) ჩაამატეთ ძმარი, შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი. მაქსიმალურ სიჩქარეზე თქვიფეთ ეს მასა რამდენიმე წამის განმავლობაში.

2. გადართეთ ბლენდერი ან მიქსერი საშუალო სიჩქარეზე და მუდმივი მორევის პირობებში შეუდექით ნელ-ნელა, ეტაპობრივად მზესუმზირის ზეთის დამატებას. რაც უფრო ნელი ნაკადით ჩაამატებთ ზეთს, მით უფრო კარგად აითქვიფება მასა.

3. როდესაც ზეთს ამოწურავთ, ჩაამატეთ მიღებულ მასაში სასურველი სანელებლები და განაგრძეთ მისი თქვეფა შეუჩერებლად დაახ. 5-7 წუთის განმავლობაში.

4. თუ ნახარში ან მარიწყალი ცოტა ცილას შეიცავს, მაიონეზი სათანადოდ ბლანტი არ გამოვა.

5. მზა მაიონეზი შეინახეთ მაცივარში, აუცილებლად დახურული ჭურჭლით, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.

საკუთარი ხელით მომზადებული მაიონეზი მაღაზიაში შენაძენ პროდუქტს თავისი გემოვნური თვისებებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. როდესაც მას დააგემოვნებთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!