ეს უბრალო ხორციანი მაკარონი არ გეგონოთ. თუმცა, მომზადებას ჩვეულებრივზე მეტი დრო არ სჭირდება

2705

მაკარონის ნაწარმი ყველა ქვეყანაში უყვართ, მაგრამ იტალიელებმა ის საკულტო კერძად აქციეს და უამრავ რეცეპტსაც გვთავაზობენ. მის მოსამზადებლად სხვადასხვა ფორმის მაკარონი გამოიყენება, რიგატონი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია – მისი ფორმა იდეალურია იმისთვის, რომ კარგად შეიწოვოს სოუსები.

“გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს – რიგატონი ხორცით (უფრო სწორედ ფარშით). მან ჩვენ მომზადების სიმარტივითა და არაჩვეულებრივი გემოთი მიგვიზიდა. ბეშამელისა და ტომატის სოუსი განსაკუთრებული ინგრედიენტებია ამ კერძში.

ინგრედიენტები

  • 350 გრ მაკარონი რიგატონი
  • 500 გრ ხორცის ფარში
  • 500 მლ რძე
  • 600 გრ ტომატის სოუსი
  • 150 გრ მოცარელა
  • 100 მლ წითელი ღვინო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ნიახური
  • 50 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • მუსკატის თხილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და ნიახური. მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ ფარში.

2. მზა ფარშს დაუმატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით, დაასხით ღვინო. რამდენიმე წუთში დაამატეთ ტომატის სოუსი. დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.

3. მოხარშეთ მაკარონი, მოამზადეთ ბეშამელის სოუსი. ამისათვის, დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, დაასხით ნელ-ნელა რძე, მუდმივად ურიეთ, სანამ მასა არ შესქელდება.

4. როცა ყველაფერი მომზადდება, საცხობ ფორმაზე დაასხით ცოტაოდენი სოუსი, მოათავსეთ მაკარონი, მოასხით დარჩენილი ტომატის სოუსი, ზემოდან კი ბეშამელის სოუსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მზადაა!

ბეშამელი უნივერსალური სანელებელია და კარგად ეხამება ტომატის სოუსს. გემოს გასახალისებლად დაამატეთ ცოტაოდენი ბაზილიკი და ოხრახუში. ხორციანი რიგატონი შესანიშნავია სადილადაც და ვახშამზეც. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!