სალათები, რომელთაც საახალწლო სუფრისთვის მოვამზადებ

1415

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სალათების რეცეპტებს, რომლითაც შეგიძლიათ საახალწლო სუფრა დაამშვენოთ.

რეცეპტი 1. ყველასთვის საყვარელი სალათი მიმოზას რულეტი

ნაზი, კაშკაშა და ძალიან გემრიელი სალათი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და ყურადღებას მიიზიდავს. მისი გასინჯვა აუცილებლად ყველას ენდომება.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა თევზის კონსერვი „საირა“
  • 7 კვერცხი
  • 1 (100 გრ) სტაფილო
  • 2 (200 გრ) კარტოფილი
  • 50 გრ კარაქი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მაიონეზის ინგრედიენტები:

  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 1/3 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ მდოგვი

მომზადების წესი:

  1. 7 კვერცხი მოხარშეთ, კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ და ცალ–ცალკე გახეხეთ. 1 მოხარშული სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ. 2 მოხარშული კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.
  2. შინაურული მაიონეზი მოამზადეთ. თუ მაღაზიის მაიონეზს იყენებთ, ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ. თასში 150 მლ მცენარეული ზეთი ჩაასხით, 1 კვერცხი დაუმატეთ ისე, რომ კვერცხის გული მთელი იყო. რამდენიმე წამით დააბლენდერეთ. ახლა მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი და მდოგვი დაუმატეთ და კარგად დააბლენდერეთ.
  3. სალათი ააწყვეთ. საჭრელ დაფას ორი ფენა პარკი დააფარეთ. პირველ ფენად კვერცხის გული მოათავსეთ, მართკუთხა ფორმა მიეცით და კვერცხის ფენა თანაბრად გადაანაწილეთ, მაიონეზის ბადე მოასხით. მეორე ფენად კვერცხის ცილა დაუმატეთ და თანაბრად გადაანაწილეთ, კვლავ მაიონეზის ბადე მოასხით. შემდეგი ფენები: სტაფილო, მაიონეზის ბადე, კარტოფილი, მაიონეზის ბადე. ზემოდან 50 გრ გაყინული კარაქი წვრილად დაახეხეთ. მწვანილი დაუმატეთ. თევზის კონსერვი წვენშივე დააქუცმაცეთ და რულეტზე ცენტრში მოათავსეთ.
  4. პარკით ბოლოები შეაერთეთ. ასე რულეტს მიიღებთ. მაცივარში 1–2 საათით გააჩერეთ, რომ შეიკრას. ახლა პარკი მოაშორეთ, თეფშზე დადეთ. კამის ფოთლებით და სტაფილოთი გააფორმეთ. რულეტი მზადაა, შეგიძლიათ დაჭრათ და სუფრაზე გაიტანოთ!

რეცეპტი 2. სალათი „პარიზი თოვლში“

სადღესასწაულო სუფრაზე ყველას თავს შეაყვარებს.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 150 გრ ყველი
  • 3 ვაშლი
  • 3-4 ს/კ მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. 3 კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  2. ყველი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  3. 3 მწვანე ვაშლი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შუაგული მოაშორეთ.
  4. სალათი ააწყვეთ. სასალათეში გახეხილი ვაშლი გადაიტანეთ და ლიმონის წვენი მოასხით, რომ არ გაშავდეს. აურიეთ და 1,5 ს/კ მაიონეზი წაუსვით. მეორე ფენად გახეხილი კვერცხი დაუმატეთ, გაათანაბრეთ და მაიონეზი წაუსვით. მესამე ფენად გახეხილი ყველი დაუმატეთ და თანაბრად გადაანაწილეთ.
  5. სალათი მზადაა. შეგიძლიათ დაუყონებლივ სუფრაზე გაიტანოთ და მიირთვათ ან მაცივარში შეინახეთ.

რეცეპტი 3: სალათი ჭიანჭველის ბუდე კარტოფილი ფრით

სალათები კარტოფილი ფრით ჩემი სისუსტეა, ხოლო სალათი ჭიანჭველის ბუდე განსაკუთრებით მიყვარს. მარტივი პროდუქტებისგან ადვილად მზადდება და საბოლოოდ წარმოუდგენლად გემრიელი და ორიგინალური სალათი გამოდის. სადღესასწაულო სუფრაზე ყურადღების გარეშე არ დარჩება.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
  • 2 (250 გრ) ახალი კიტრი
  • 2 (250 გრ) ახალი პომიდორი
  • 3 კარტოფილი
  • 100 გრ ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გათალეთ, გრძელ ზოლებად კორეულად დაჭერით და შეწითლებამდე შეწვით.
  2. ქათმის ფილე მოხარშეთ, წვრილად დაჭერით. პომიდორი კუბებად დაჭერით, კიტრი – თხელ ზოლებად. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  3. სალათი ააწყვეთ. პირველ ფენად ნახევარი ქათმის ფილე დადეთ, მაიონეზი წაუსვით და ნახევარი კიტრის ფენა დაუმატეთ. მაიონეზი წაუსვით და ნახევარი პომიდორი დაუმატეთ. კვლავ მაიონეზი, შემდეგ 1 კბილი გახეხილი ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, მაიონეზის ბადე დაუმატეთ. გახეხილი ყველი დაუმატეთ, მაიონეზი წაუსვით. ახლა ყველა ფენა გაიმეორეთ. ფენები არ ჩატუმბოთ, ჰაეროვანი უნდა იყოს. სულ ბოლოს შემწვარი კარტოფილით დაფარეთ. მწვანილით გააფორმეთ.
  4. 10 წუთით გააჩერეთ და სალათი მზადაა. შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

რეცეპტი 4. სალათი „ქერათმიანი“

ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრისთვის წაუგებელი ვარიანტია. სუფრიდან პირველი გაქრება და ყველა სტუმარს მოსწონს. ორიგინალური, ლამაზი სალათი იმდენად გემრიელია, რომ შეიძლება თითები ჩაიკვნიტოთ. აუცილებლად სცადეთ, ნამდვილად გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 3 კარტოფილი
  • 3-4 პომიდორი
  • 150 გრ ძეხვი
  • 100 გრ ყველი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. 3 საშუალო ზომის კარტოფილი კორეულად გახეხეთ ან თხელ ზოლებად დაჭერით. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. ტაფაზე 5 სმ სიმაღლის მცენარეული ზეთი დაასხით და კარტოფილი მცირე ულუფებად შეწვით. შემწვარი კარტოფილი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.
  2. ძეხვი ზოლებად დაჭერით, ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორი მეოთხედ რგოლებად დაჭერით.
  3. სალათი ააწყვეთ. გირჩევთ სახსნელი ფორმის თავი (18 სმ დიამეტრი) გამოიყენოთ. ფენების რიგი: პომიდორი, 2 ს/კ მაიონეზი და 1 კბილი დაპრესილი ნიორი აურიეთ და პომიდორს წაუსვით. მეორე ფენა ძეხვი, მაიონეზის ბადე წაუსვით. მესამე ფენა გახეხილი ყველი, მაიონეზის ბადე. კარტოფილს მარილი მოაყარეთ, აურიეთ და მეოთხე ფენად სალათს დაუმატეთ. რგოლი მოხსენით, სალათს გაჟღენთვა აცადეთ და შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ.

რეცეპტი 5. სალათი „გირჩები“

თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს, საახალწლო განწყობას შექმნის და გემოთი გაგახარებთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ქათმის ფილე
  • ½ ქილა დაკონსერვებული ანანასი
  • 100 გრ ყველი
  • 3 კვერცხი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • 2-3 ს/კ მაიონეზი
  • ½ შეფუთვა სიმინდის ფანტელები
  • კამა გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე მარილიან წყალში მოხარშეთ და წვრილად დაჭერით.
  2. დაკონსერვებული ანანასი წვრილ კუბებად დაჭერით.
  3. ყველი და მოხარშული კვერცხი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  4. ღრმა თასში ინგრედიენტები მოათავსეთ, მარილი და მაიონეზი დაუმატეთ, აურიეთ.
  5. სალათი სუფრაზე ორი გირჩის ფორმის მიხედვით დააწყვეთ. გასაფორმებლად სიმინდის ფანტელები დაგჭირდებათ. ფანტელები სალათს ზემოდან ერთმანეთის გადადებით დააადეთ. ტოტები კამით გააკეთეთ.
  6. სალათი ცოტა ხნით გააჩერეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემო ნამდვილად გაგაოცებთ. ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

რეცეპტი 6. სალათი „პიკანტური“

სალათი თავისი გემოთი გაგაოცებთ. გიზიარებთ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ქაშაყის ფილე
  • 1 ხახვი
  • 2 (300 გრ) პომიდორი
  • 100 გრ ნაფიცხარი პური
  • 100 გრ ყველი
  • 200 გრ მაიონეზი

ნაფიცხარი პურის ინგრედიენტები:

  • 4-5 პურის ნაჭერი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 3 კბილი ნიორი

მაიონეზის ინგრედიენტები:

  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • ½ ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ხახვი დაამარინადეთ. ხახვი კუბებად დაჭერით, 1 ჩ/კ შაქარი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. 5 წუთით გააჩერეთ.
  2. 200 გრ ქაშაყის ფილე კუბებად დაჭერით. 2 ახალი პომიდორი კუბებად დაჭერით, საწურზე გადაიტანეთ და გააჩერეთ, რომ ზედმეტი წვენი დაიწუროს. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  3. შინაურული მაიონეზი მოამზადეთ. 1/3 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ შაქარი და 1 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ქილაში 150 მლ მცენარეული ზეთი ჩაასხით, მარილის, შაქრის, ლიმონის ნარევი და მდოგვი დაუმატეთ. 1 კვერცხი დაუმატეთ ისე, რომ კვერცხის გული მთელი იყოს. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად დააბლენდერეთ.
  4. ნაფიცხარი პური მოამზადეთ. პური კუბებად დაჭერით, ღუმელში 7-8 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით, რამდენიმე კბილი დაპრესილი ნიორი დაუმატეთ და აურიეთ.
  5. სალათი ააწყვეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ სასალათე ან კულინარიული რგოლი გამოიყენოთ. ფენები: ქაშაყის ფილე, ხახვი, მაიონეზი, პომიდორი, მაიონეზი, ყველი, ნაფიცხარი პური. მაცივარში ცოტა ხნით გასაჟღენთად გააჩერეთ. რგოლი მოაშორეთ და სალათი მზადაა.

რეცეპტი 7. ჭარხლის სალათი „სამეფო“

სალათი წარმოუდგენლად გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო გამოდის. მარტივად მოსამზადებელია.

ინგრედიენტები:

  • 1-2 (500 გრ) ჭარხალი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 70 გრ ნიგოზი
  • 3 ს/კ (80 გრ) არაჟანი
  • 1/3 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ქიშმიშს ცხელი წყალი დაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ. ნიგოზი წვრილად დაჭერით.
  2. მოხარშული ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ღრმა თასში გადაიტანეთ.
  3. ქიშმიშიდან სითხე გადაასხით და ჭარხალს დაუმატეთ.
  4. მზა ნიგოზი დაუმატეთ. არაჟნით მორთეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ.
  5. სასალათეში გადაიტანეთ და გააფორმეთ. მაგალითად, ნიგვზით და მაიონეზის ბადით.