3 რეცეპტი, როგორ გააკეთოთ შესქელებული რძე სახლის პირობებში

211

ნაყიდი შესქელებული რძის გრძელი შემადგენლობა ეჭვებს ბადებს და მისი გამოყენების სურვილს აქრობს. სწორედ ამიტომ, შესქელებული რძის სახლის პირობებში მომზადებას გირჩევთ. საკმაოდ მარტივი პროცესია. ბიუჯეტური და უფრო სასარგებლო გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ  3 რეცეპტს შესქელებული რძის შინ მოსამზადებლად.

ასეთი ტკბილეულისთვის ხარისხიანი რძე გამოიყენეთ. ძალიან ცხიმიანი რძე შეიძინეთ ან სახლის რძეს უპირატესობა მიანიჭეთ. აღსანიშნავია, რომ სახლის რძით უფრო ნატურალური და გემრიელი გამოვა.

როგორ გავაკეთოთ შესქელებული რძე: 3 რეცეპტი

1. კლასიკური ვარიანტი

ინგრედიენტები:

  • 5 ჭიქა რძე
  • 2,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. რძე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით.
  2. შემთბარ რძეს შაქარი დაუმატეთ და აურიეთ ისე, რომ ერთიანი მასა მიიღოთ.
  3. ცეცხლს დაუწიეთ. ხარშვა გააგრძელეთ, პერიოდულად აურიეთ. 2-3 საათით ხარშეთ. როცა გასქელდება და მოკრემისფრო–მოყვითალო გახდება, გადმოდგით.

2. შესქელებული რძე ვანილის არომატით

ინგრედიენტები:

  • 2,5 ჭიქა ნაღები (33%)
  • 3 ჭიქა რძის ფხვნილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ ორი ქვაბი (დიდი და პატარა) დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით და ქურაზე დადგით.
  2. პატარა ქვაბში ნაღები, რძის ფხვნილი და შაქარი მოათავსეთ და აურიეთ.
  3. პატარა ქვაბი დიდ ქვაბში ჩადეთ. ნარევი 60 წუთით ხარშეთ, პერიოდულად აურიეთ.
  4. ბოლოს ვანილი დაუმატეთ, აურიეთ და ქურიდან გადმოდგით.

3. მულტისახარშში მომზადებული

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა რძე
  • 1,5 ჭიქა რძის ფხვნილი
  • 2 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

  1. ძალიან ცხიმიანი რძე შეათბეთ, რძის ფხვნილი და შაქარი დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ. ერთიანი მასა უნდა მიიღოთ.
  2. ცხელი ნარევი მულტისახარშში ჩაასხით. „წვნიანის“ რეჟიმზე 25 წუთით ხარშეთ. თავსახური არ დაახუროთ და მუდმივად ურიეთ.
  3. როცა ნარევი ადუღდება „ცომეულის“ რეჟიმზე გადართეთ. 20 წუთით ხარშეთ.

შესქელებული რძე ქილაში ჩაასხით, თავსახური ჰერმეტულად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. ოლადებსა და ბლინებზე მოსასხმელად იდეალურია. კრემისა და დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.