არ არის აუცილებელი, 24 საათი გაზქურასთან იდგეთ, რათა რაიმე გემრიელი მოუმზადოთ ოჯახის წევრებს. რეცეპტი, რომელსაც „გასტრონომია“ გთავაზობთ, სწორედ ამის მტკიცებულებაა. ჩვენ დღეს გასწავლით ძალიან მადისაღმძვრელი ხაჭოსა და ანანასის ნუგბარის მომზადებას. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, შედეგად კი დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
ინგრედიენტები
- 400 გრ ხაჭო
- 200 გრ არაჟანი
- 1 ქილა ანანასის კონსერვი
- 0,5 ლ ანანასის წვენი
- 25 გრ ჟელატინი
- 0,5 ქილა შესქელებული რძე
- ვანილი და ქიშმიში გემოვნებით
მომზადება
1. დაალბეთ ჟელატინი ანანასის წვენში, დატოვეთ 1 საათით.
2. შემდეგ გახსენით ნელ ცეცხლზე, მაგრამ არ წამოადუღოთ.
3. შეურიეთ ხაჭო, არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და ათქვიფეთ ბლენდერით.
4. დაამატეთ გაცივებული ჟელატინი და დაჭრილი ანანასი.
5. ჩაასხით პატარა ფორმებში ან ერთ დიდში.
6. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
ვინაიდან ამ დესერტის მომზადება ძალიან იოლია, ჩართეთ პროცესში ბავშვები. მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება კონდიტერის ამპლუაში ყოფნა, შემდეგ კი საკუთარი შრომის ნაყოფით დატკბობა.