ფენიანი სალათი „ღარიბი გრაფი“ ქამა სოკოთი და კიტრით. ჩვენს ყველა დღესასწაულს სტუმრობს

418

შევამჩნიე, რომ სალათი ქამა სოკოთი და კიტრით ჩემს სტუმრებს ძალიან მოსწონთ. გემრიელი და წარმოუდგენლად მსუბუქია. მასში ხომ შედის მოხარშული ქათამი, ახალი კიტრი და მოხარშული სტაფილო. „ღარიბი გრაფი“ თავისი ფერადი ფენებით სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია უახლოესი დღესასწაულისთვის ამ უჩვეულო სალათის მომზადებას გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის ფილე
  • 200 გ ქამა სოკო
  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 ხახვი (წითელი)
  • 80 გ ყველი
  • 1 ახალი კიტრი
  • მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:

1. სანამ სალათის აწყობას დაიწყებთ, ინგრედიენტები მოამზადეთ. სტაფილო და კარტოფილი მომზადებამდე მოხარშეთ. ქათმის ფილე მოხარშეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეული და ხორცი ხარშვისას უნდა დაამარილოთ.

2. ქამა სოკო თხელ ფირფიტებად დაჭერით და მარილიან წყალში ადუღების შემდეგ 7 წუთით ხარშეთ.

3. ახალი კიტრი ზოლებად დაჭერით, ხახვი – მეოთხედ რგოლებად ან კუბებად. მოხარშული ფილე ჩანგლით ბოჭკოებად დაყავით.

4. კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ასე ზემოთ თხელ და თანაბარ ფენას მარტივად მიიღებთ.

5. ააწყვეთ სალათი. კულინარიული რგოლი გამოიყენეთ. თუ არ გაქვთ, უბრალოდ თეფშზე ფენებად დააწყვეთ. პირველ ფენად კარტოფილი ჩადეთ. გასინჯეთ. თუ უმარილოა, მარილი და, სურვილის შემთხვევაში, წიწაკა დაუმატეთ.

6. მეორე ფენა კიტრი და მაიონეზია. გირჩევთ, რომ მაიონეზი სახლში მოამზადოთ. ასე უფრო გემრიელ და ნაზ ვარიანტს მიიღებთ.

7. მესამე ფენა – ქათმის ფილე და მაიონეზი. სხვათა შორის, ქათმის სალათის გემოს გააუმჯობესებთ, თუ არა მოხარშულ, არამედ მარინადში ჩალბობილ და გრილზე შემწვარ ან ფოლგაში გამომცხვარ ხორცს გამოიყენებთ.

8. მეოთხე ფენა – წინასწარ დამარინადებული წითელი ხახვი.

9. მეხუთე ფენა – სოკო და მაიონეზი.

10. მეექვსე ფენა – მოხარშული სტაფილო და მაიონეზი.

11. ბოლო ფენა – გახეხილი ყველი.

12. სალათი რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ და შემდეგ სერვიზის თეფშზე გადაიტანეთ.

13. სალათი პირში დნება და არასდროს მოგწყინდებათ. მაიონეზის მიუხედავად საკმაოდ მსუბუქია, რაც ახალი კიტრის, მოხარშული ქათმის და სტაფილოს დამსახურებაა.

14. გემრიელად მიირთვით. ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!