სახლში, ღუმელში გამომცხვარი ნაზუქიც უგემრიელესია!

6070

“სხვათა ენიდამ შემოღებულა, რომელსა ქართულად ნატიფი ეწოდების, რომელ არს ჩვილად და კეთილად ნამზადი და ნაქმარი,”- ასე განმარტავს ნაზუქს სულხან-საბა ორბელიანი. ის ფაქტი, რომ საბას ლექსიკონში ეს სიტყვა და კონკრეტული, თანამედროვე რეცეპტის მსგავსი აღწერილობა უკვე გვხვდება, ქართულ სამზარეულოში ამ ტიპის ნამცხვრის ხანგრძლივ ისტორიაზე მიგვითითებს.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 კგ
  • კვერცხი – 3 ცალი
  • რძე – 500 მლ ცომში გამოსაყენებლად; 20-30 მლ ზემოდან გადასასმელად
  • კარაქი – 130 გ
  • შაქარი – 410 გ
  • თეთრი ქიშმიში – 325 გ
  • დარიჩინი – 5 გ
  • მიხაკი – 5 გ
  • საფუარი – 7 გ
  • მზესუმზირის ზეთი – 30 გ
  • მარილი – 2 გ

მომზადების წესი:

  1. ჩაასხით რძე ქვაბში დაამატეთ შაქარი, კარაქი და მარილი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ, სანამ დამატებული ინგრედიენტები არ გადნება. ადუღება საჭირო არ არის. გადმოდგით რძე ცეცხლიდან და შეაგრილეთ. ნელთბილ მასაში დაამატეთ საფუარი და გაფუებას დაელოდეთ.
  2. მსუბუქად გათქვიფეთ 2 კვერცხი (1 ცალი ცომზე გადასასმელად შეინახეთ) და დაამატეთ რძის მასას დარიჩინთან და მიხაკთან ერთად. ხის კოვზით ან ხელის სათქვეფით მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ხელით, სანამ არ მიიღებთ ელასტიკურ ცომს. ბოლოს მოაყარეთ ქიშმიში და გააგრძელეთ მოზელა ქიშმიშის ცომში თანაბარ განაწილებამდე. ამოაგუნდავეთ ცომი და ჩადეთ განიერ თასში. ფუნჯით ან კოვზით თხლად გადაუსვით მზესუმზირის ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას. აცადეთ აფუება 1-2 საათით.
  3. როდესაც ცომი აფუვდება, გადაზილეთ და 6 ტოლ ნაწილად გაყავით. ამოაგუნდავეთ თითოეული მათგანი, თხლად გადაუსვით ზეთი ფუნჯით ან კოვზით, გადააფარეთ ჩაის ტილო, კვლავ დადგით თბილ ადგილას და მეორედ აფუებას დაელოდეთ. პატარა ჯამში ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის გული და, სურვილისამებრ, დაუმატეთ 20-30 მლ რძე. მეორედ აფუების შემდეგ ცომის თითოეულ გუნდას მიეცით ნახევარმთვარის ფორმა და ზევიდან ფუნჯით კვერცხის გულისა და რზის ნაზავი გადაუსვით. ტრადიციულად, ნაზუქი თონეში ცხვება, თუმცა შეგიძლიათ სახლში, ღუმელში გამოაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ყავისფრად არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!