სალათი “ცეზარი” ორაგულით: ვგიჟდები ამ ვარიანტზე. ერთი ულუფაც საკმარისია, სიამოვნების პიკს რომ მიაღწიო

3021

სალათი “ცეზარი” თითქმის ყველა რესტორნის მენიუშია და მისი სახელწოდება არ უკავშირდება რომაულ იმპერატორს. ის გამოიგონა იტალიელმა ემიგრანტმა ჩეზარე გარდინიმ, რომელსაც მექსიკაში,  ამერიკის საზღვართან, ჰოლივუდთან ახლოს, რესტორანი ჰქონდა სახელად “ცეზართან”. ეს დიდი დეპრესიისა და მშრალი კანონის დროს იყო, ამიტომ, მდიდარი ამერიკელები ხშირად ჩადიოდნენ მექსიკაში გასართობად (მექსიკაში ალკოჰოლი აკრძალული არ იყო).

როდესაც ერთხელ რესტორანს უცაბედად სტუმრები დაატყდნენ თავს, მზარეულმა სწრაფად მოამზადა ხემსი იმისგან, რაც სამზარეულოში იპოვა” სალათის ფურცლებისგან, ორცხობილებისგან, კვერცხისგან, ლიმონისა და ზეთისგან. დიახ-დიახ, ანჩოუსებისა და ხორცის გარეშე. კერძმა მალევე მოიპოვა გურმანებში დიდი სიყვარული, მზარეულმა კი მას რესტორნის სახელწოდება მისცა.

დღეს “ცეზარის” უამრავი ვარიანტი არსებობს, ყოველი მზარეული მას თავისებურად ამზადებს. “გასტრონომია” კი გთავაზობთ ვარიანტს ორაგულით – აქ ყოველი კომპონენტის შერწყმა უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

ინგრედიენტები

  • 1 კონა სალათი რომანო
  • 300 გრ ორაგული
  • 300 გრ ორცხობილა
  • 40 გრ პარმეზანი
  • 1 კვერცხის გული
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 50 გრ ანჩოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ვუსტერის სოუსი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ სოუსი. ამისათვის ბლენდერით ათქვიფეთ კვერცხის გული, ანჩოუსი, მდოგვი, 1 კბილი ნიორი, ლიმონის წვენი, ვუსტერის სოუსი და ზეითუნის ზეთი. დაამატეთ მარილი საჭიროებისამებრ. დაამატეთ ნახევარი პარმეზანი.

2. მოამზადეთ ორცხობილა. დაჭერით პური კუბებად, მოხალეთ ტაფაზე, მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

3. დაჭერით ორაგული, დაუმატეთ მარილი და პილპილი, შეწვით ტაფაზე ზეთის გარეშე.

4. გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ, დახიეთ და მოათავსეთ სასალათეში, დაუმატეთ სოუსი და კარგად მოურიეთ. ზემოდან დააწყვეთ თევზი. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

შეგიძლიათ სცადოთ უფრო მარტივი ვარიანტიც ანჩოუსისა და ვუსტერის სოუსის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გემრიელი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!