როგორ მოვამზადოთ ფარშირებული სკუმბრია ღუმელში

2067

თევზის მოსამზადებლად ასობით რეცეპტი არსებობს, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და მარინადებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ალბათ, გამომცხვარი სკუმბრიას რეცეპტია ხახვითა და პომიდვრით. სკუმბრიას ამ მეთოდით მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა, ამასთან იგი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება და უგემრიელესი გამოდის.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სკუმბრია ფოლგაში ისე, რომ კერძი სრულყოფილი გამოგივიდეთ.

როგორ მოვამზადოთ სკუმბრია გემრიელად

ინგრედიენტები

  • 2 სკუმბრია
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 ლიმონი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ.კ. თევზის სანელებელი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 1 მუჭა ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. თავდაპირველად გარეცხეთ ბოსტნეული და გაწმინდეთ სკუმბრია. მოაჭერით თევზს თავი, ფარფლები და გამოშიგნეთ. ამის გაკეთება გაყინული თევზით უფრო მარტივია, ვიდრე ახალი თევზით.

2. მოამზადეთ მარინადი: თასში შეურიეთ ერთმანეთს მცენარეული ზეთი, სოიოს სოუსი, სანელებლები, მარილი და პილპილი.

3. საცხობ ფორმას გადააკარით ფოლგა და მოათავსეთ მასზე თევზი. შემდეგ კარგად წაუსვით მარინადი სკუმბრიას შიდა ნაწილშიც. გააჩერეთ თევზი 15 წუთით, რომ მარინადი შეიწოვოს. ჩართეთ ღუმელი, რომ გაცხელდეს, სანამ სკუმბრია გამოსაცხობად მზად იქნება.

4. ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად, ლიმონი-თხელ წრეებად, პომიდორი კი შუაზე გაჭერით.

5. ახლა შეგიძლიათ სკუმბრიას ფარშირებას შეუდგეთ. თევზი ზურგით “დააწვინეთ”, რათა გამოცხობის დროს წვენი არ გადმოიღვაროს, მოათავსეთ მასში ბოსტნეული.

6. თევზს ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით, მოაყარეთ ოხრახუში და წაუსვით მაიონეზი.

7. საცხობ ფორმას გადააფარეთ ფოლგა და კარგად დაამაგრეთ.

8. შემდეგ მოათავსეთ სკუმბრია ღუმელში და 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

9. 30 წუთის შემდეგ გამოდგით თევზი ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა და კიდევ 10 წუთით გამოაცხვეთ, რათა სკუმბრიამ ოქროს ფერი მიიღოს.

მაშინაც კი, თუ დამწყები კულინარი ხართ, გვერწმუნეთ, ამ რეცეპტით სკუმბრიას მომზადება არ გაგიჭირდებათ. ამიტომ აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ სკუმბრია და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს.