პამიდვრის საწებელს ყოველთვის ამ რეცეპტით ვაკეთებ, აი რატომ…

5975

პამიდვრის მეგრული საწებელი, ანუ პამიდვრის წვენი, ცხარე და არომატული საწებელია, რომელსაც მეგრულ კუჭმაჭთან, შემწვარ ქათამთან, ღომსა და ყველთან ერთად მიირთმევენ. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით მის სრულყოფილებაში.

ინგრედიენტები: 

  • 5 კგ ძალიან მწიფე პამიდორი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. პამიდორი დავსეროთ, მოვწალოთ და მოვათავსოთ ქვაბში მოსახარშად. ჯობს, ჩაყრისას ცოტა მოვსრისოთ, რომ წვენი გაუშვას.
  2. თუ წვენი არ მოიყენა, ცოტა წყალი დავასხათ, რომ არ მიიწვას. ვადუღოთ 10-15 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავიტანოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, შევაგრილოთ და თუშფალანგზე გავხეხოთ.
  3. როდინში დავნაყოთ სანელებლები: წიწაკა, მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და ნიორი. სანელებლები საწებელს გემოვნებით დავუმატოთ.
  4. მიღებული მასა გავხსნათ პამიდვრის წვენში, საცერზე გავხეხოთ, რომ პამიდვრის თესლი არ გაჰყვეს, და დავდგათ ცეცხლზე. თუ საწებელს ზამთრისთვის ვინახავთ, 1/3-ზე უნდა დადუღდეს, ყოველდღიურად სახმარად კი 10-15 წუთის დუღილიც საკმარისია. დუღილის დროს საწებელს უნდა ვურიოთ ხის კოვზით.