ბადრიჯნისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ ჩვენმა რედაქციამ არჩევანი კვლავ ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტზე შეაჩერა, რადგან ფხალეულში ის ყველაზე მოთხოვნადია. ჩაინიშნე ნიგვზიანი ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი – 500 გ
- ნიგოზი – 100 გ
- ნიორი – 1-2 კბილი
- ოხრახუში – 30 გ
- ხახვი – 1 თავი
- ყვითელი ყვავილი – 1/2 ჩ.კ.
- უცხო სუნელი – 1/2 ჩ.კ.
- ხმელი ქინძი – 1/2 ჩ.კ.
- ძმარი – 20 მლ
- ზეთი – 50 მლ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ბროწეული გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით და მარილი მოაყარეთ. გააჩერეთ ცოტა ხანს, შემდეგ კი გაწურეთ. ბადრიჯნის ნაჭრები დააწყვეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით.
- სანამ ბადრიჯანი იწვება, მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაკეპილი ან გატარებული ნიგოზი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ დანაყილი ნიორი და ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ასევე ძმარი, მარილი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. დაასხით 2 სუფრის კოვზი ანადუღარი, გაგრილებული წყალი და კარგად აურიეთ, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
- შემწვარი ბადრიჯნის ფირფიტებს წაუსვით ნიგვზის შიგთავსი და გადაახვიეთ ან მოკეცეთ. შეგიძლიათ გასაფორმებლად მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ბროწეულის მარცვლები. თუ ამ კერძს სუფრამდე მიტანის წინ 2-3 საათით ადრე მოამზადებთ, უფრო გემრიელი იქნება.