მხოლოდ 200 გრამი ფარში და თხელი ლავაში. უგემრიელესი ლაზანია თვალსა და ხელს შუა

4277

მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა საკმაოდ ცნობილ ანიმაციურ ფილმ “გარფილდს” უყურეს, ისტორია მსუნაგი კატის შესახებ, მათ ლაზანიის დაგემოვნების იმდენად დიდი სურვილი გაუჩნდათ, რომ ყოველდღიურად მის მომზადებას მთხოვდნენ. ჩემი კულინარიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ლაზანიის დამზადებას მაქსიმალურად ვარიდებდი თავს, თუმცა ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ თამამი ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე და შესაბამისი რეცეპტის ძიებას ინტერნეტში შევუდექი.

ყოველთვის მეგონა, რომ გემრიელი და არომატული ლაზანიის მომზადება დიდ ნიჭსა და ცოდნას მოითხოვდა, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. საკუთარი ხელით მომზადებული ეს დელიკატესი იმდენად გემრიელი და არომატული გამოდგა, რომ მაგიდაზე მოტანიდან სულ რამდენიმე წუთში თეფშიდან გაქრა. ახლა უკვე ვცდილობ, რეგულარულად გავანებივრო საკუთარი შვილები და მეუღლე ამ უგემრიელესი კერძით. გირჩევთ, თქვენც ცადოთ.

ლაზანია ღუმელში

ინგრედიენტები: 

  • 3 ცალი თხელი სომხური ლავაში
  • 200 გრამი ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 150 გრამი ხმელი ყველი
  • მარილი, პილპილი, მწვანილები და მუსკატის კაკალი გემოვნების მიხედვით

მომზადება:

1. მსუბუქად შეწვით ფარში ტაფაზე მცირეოდენ მცენარეულ ზეთში, დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი. მზა ფარში თავის წვენთან ერთად გადმოიტანეთ თეფშზე და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. ცხელ ტაფაზე ფარში არ უნდა გააჩეროთ 4 წუთზე დიდხანს, თანაც მუდმივად უნდა ურიოთ. როგორც უკვე გითხარით, პირველ ეტაპზე ფარში მსუბუქად, ოდნავ უნდა შეიწვას, რისთვისაც გაცხელებულ ტაფაზე 4 წუთით დატოვება და პერიოდულად კარგად ამორევა სავსებით საკმარისია.

2. დაჭერით პატარა კუბიკებად ხახვი და პომიდორი. ოდნავ მოთუშეთ ისინი ტაფაზე და შემდეგ გადმოიტანეთ სუფთა თეფშზე.

3. ბეშამელი – ცნობილი სოუსი, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება ლაზანიისთვის. მის მოსამზადებლად ჩაასხით ქვაბში მოცემული რაოდენობით რძე, დაამატეთ ფქვილი და ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე მუდმივი მორევის პირობებში. როდესაც რძე დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ მასში მუსკატის კაკალი, კარგად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებულ სოუსს ექნება ბლანტი კონსისტენცია. რაც უფრო ცხიმიანია რძე, მით უფრო ბლანტი გამოდის სოუსი.

4. საცხობ ფორმას მოუსვით მცირეოდენი მცენარეული ზეთი და ჩააფინეთ მასში ლავაში ისე, რომ ერთი ნახევარი ფორმიდან გადმოშვერილი იყოს. გაანაწილეთ საცხობ ფორმაში ჩაფენილი ლავაშზე ფარში არც ძალიან თხელ და არც ძალიან სქელ ფენად. პიკანტური გემოსთვის, მოახეხეთ ფარშს მცირეოდენი ყველი.

5. ყველის მოხეხვის შემდეგ ლაზანიის პირველ ფენაზე, ფარშს ზემოდან წაუსვით 3 ან 4 სუფრის კოვზი ბეშამელის სოუსი და გადააფინეთ მას ზემოდან ლავაშის ის ნახევარი, რომელიც საცხობი ფორმის გარეთ იყო დარჩენილი.

6. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ბოსტნეული და დააფინეთ ახალი ლავაში იგივე პრინციპით. გაიმეორეთ ანალოგიური პროცედურა ფარშით, ყველითა და სოუსით. შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი ფენა, რამდენზეც შიგთავსი გეყოფათ. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობით მიზანშეწონილია 3 ფენის გაკეთება.

7. როდესაც ლავაშის ბოლო ფენასაც გადაკეცავთ, მოუსვით მას დარჩენილი სოუსი და კვლავ მოახეხეთ ზემოდან ყველი. შედგით ის 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. მარტივი ხერხით დამზადებული უგემრიელესი ლაზანია მზად არის!

მისი გემო და პიკანტური არომატი ნამდვილად შთამბეჭდავია. აუცილებლად გაუმასპინძლდით ამ უგემრიელესი კერძით ოჯახის წევრებს და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!