მსუბუქი დესერტი ფორთოხლის წვენით ჟელატინის და შაქრის გარეშე

507

თითოეული წვეულების ლოგიკური დასასრული დესერტია, მაგრამ საღამოს ბოლოს მაცდუნებელი ტკბილეულის ერთი ნაჭერიც ზედმეტი გვეჩვენება. განსაკუთრებით, თუ უხვად დაკრემილია. ხშირად სახლში ისე წამოვსულვარ, რომ ნამცხვარი ან ტორტი არც გამისინჯავს. დილით კი მინანია. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, სტუმრებს მსუბუქ ფორთოხლის დესერტს ვთავაზობ.

ჟელეს ჰგავს, მაგრამ ჟელატინს საერთოდ არ შეიცავს. გამასქელებლად სიმინდის სახამებელი გამოიყენება. გემრიელობას ფორთოხლის ფრეშით ვამზადებ. თუ ხილის წვენს არ წურავთ, არამედ მზა წვენს ყიდულობთ, შემადგენლობა დეტალურად შეისწავლეთ. უხარისხო პროდუქტით გემოს გააფუჭებთ. სხვათა შორის, ასეთი დესერტი დიეტაზე მყოფს ან ვეგანსაც გამოადგება.

ინგრედიენტები:

  • 5-6 ცალი ფორთხალი
  • 2-3 ს/კ თაფლი
  • 65 გრ სიმინდის სახამებელი
  • ქოქოსის ფანტელები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ფორთოხლის წვენი გაწურეთ. 600 მლ წვენი უნდა მიიღოთ. მზა ფორთოხლის წვენი, რომელსაც დანამატები არ აქვს, შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ.

2. წვენი საწურში გაწურეთ, რომ რბილობი მოაშოროთ. შემდეგ თხევადი თაფლი დაუმატეთ. თაფლის რაოდენობა ხილის სიტკბოსა და თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

3. სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ, გასქელებამდე მიიყვანეთ.

4. 25×15 სმ ზომის მართკუთხა ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ხილის მასა გადაიტანეთ, თანაბრად გადაანაწილეთ და ცოტა ხნით გააგრილეთ.

5. პარკი დააფარეთ და 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ. ფორთოხლის ფირფიტა ფორმიდან ამოიღეთ და ულუფებად დაჭერით. თითოეული ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ.

ხილის დესერტი ახალი პიტნით და კენკრით შეგიძლიათ გააფორმოთ. ტკბილეული წარმოუდგენლად ნაზი და მსუბუქია. ნოყიერი სუფრის შემდეგაც ერთ ან ორ ნაჭერს თავისუფლად მიირთმევთ. პირში გამაგრილებელი ციტრუსის გემო და ოდნავ შესამჩნევი თაფლის ნოტები დაგრჩებათ. დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ!