ლალისფერი ბრინჯი – ყველაზე კაშკაშა გარნირი. უჩვეულო და ამავდროულად გემრიელი

1427

ბორში, ვინეგრეტი, სალათი “შუბა” – კიდევ რა ასოციაციებს იწვევს ჭარხალი? არადა, ეს ბოსტნეული ყველაზე ტრენდული ინგრედიენტია მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების კერძებში. შეფები მას მოლეკულარულ კერძებში იყენებენ, აფერმენტებენ, აცხობენ, უნაზეს პიურეს ამზადებენ…

ექსპერიმენტების მოყვარულებს და ახალი გემოების აღმოჩენის მსურველებს ვთავაზობთ უჩვეულო გარნირის რეცეპტს. ბრინჯი ჭარხლით მზადდება ვეგეტარიანული ფლავის პრინციპით. გაოცდებით, რაოდენ კაშკაშა გარნირი გამოგივათ! ნაწილობრივ, ეფექტი ღვინის დამატებით მიიღება: მასში შემავალი მჟავა ამყარებს ჭარხლის ფერს. ბავშვების მენიუსთვის ღვინო ჩაანაცვლეთ ლიმონის მჟავით (1 ს.კ. და გაზარდეთ სითხის რაოდენობა).

გარნირი მშრალი არ უნდა გამოვიდეს, კონსისტენცია ოდნავ კრემისებრი – რიზოტოს მსგავსი უნდა იყოს. ასეთი ბრინჯი შესანიშნავად ეხამება თხის ყველს ან პარმეზანს: უბრალოდ მოაყარეთ გახეხილი ყველი მირთმევის წინ. ასევე, წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის ბულიონი.

ინგრედიენტები

  • 1 ც ჭარხალი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 7-8 ც ზეთისხილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა წითელი ღვინო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა ტაფაში ან სქელძირიან ქვაბში გაახურეთ ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი და შეწვით 30 წამის განმავლობაში.

2. გახეხეთ ჭარხალი და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი, 5 წუთში დაუმატეთ ბრინჯი, დაასხით ღვინო და მოურიეთ.

3. ჩაასხით ცხელი წყალი, როდესაც წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე, დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ კერძი მორთოთ ქუნჯუთით. შეინახეთეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!