აჩმის მომზადება ტრადიციული რეცეპტით

1984

აჩმა – ხაჭაპურის ერთ-ერთი უგემრიელესი სახეობაა. მისი გემრილად მომზადება ყველას როდი შეუძლია. დღეს გასტრონომიას რედაქცია გაგაცნობთ აჩმის ტრადიციულ რეცეპტს. ასე მზადდება ნამდვილი აჩმა.

ინგრედიენტები:

  • ყველი 1 კგ
  • კარაქი 50 გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • წყალი 1 ჩაის ჭიქა
  • ფქვილი 1 კგ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილი შუაში ამოვაღრმავოთ, ჩავტეხოთ შიგ კვერცხი, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
  2. გავყოთ ცომი 6 ან 8 ნაწილად (რაც მეტ ნაწილად გავყოფთ, მით უკეთესია).
  3. მოვამზადოთ ორი განიერპირიანი ჯამი. ერთში ჩავასხათ მარილით შეზავებული წყალი და ავადუღოთ, ხოლო მეორეში ჩავასხათ ცივი წყალი.
  4. ცომის თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ გამოსაცხობ ზომაზე.
  5. თხელი, გაბრტყელებული ცომი ჩავუშვათ მარილიან მდუღარე წყალში. გავაჩეროთ 2-3 წთ.
  6. ამოვიღოთ საწურით ფრთხილად და მაშინვე ჩავუშვათ ცივწყლიან თასში.
  7. ცომი გავშალოთ ისე, რომ ცივი წყალი ყველგან მოხვდეს. ამოვიღოთ, მოვაშოროთ წყალი და დავდოთ წინასწარ გამზადებულ ცხიმწასმულ დაფაზე.
  8. ზევიდან წავუსვათ კარაქი.
  9. ასე უნდა მოვამზადოთ ცომის ყველა ფენა.
  10. ცალკე გავამზადოთ ხაჭაპურის ჩასართი: დავჭყლიტოთ ან დავფხვნათ უმარილო ჭყინტი ყველი ან სულგუნი.
  11. გამოსაცხობ ხონჩაზე დავდოთ კარაქწასმული ცომის ერთი ფენა, შემდეგ მეორე ფენა და მოვაყაროთ ყველი, შემდეგ ისევ კარაქწასმული მესამე ფენა, მეოთხე ფენას მოვაყაროთ ყველი და ა.შ. ესე იგი, ყოველი მეორე ფენა უნდა იყოს ყველიანი.
  12. ბოლო ფენა ცოტა დიდად გავაბრტყელოთ, რათა შევძლოთ გვერდების ამოკეცვა.
  13. გამოცხობის წინ შეიძლება ნაჭრებად დაიჭრას.
  14. ბოლო ფენას შეიძლება წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი.

გემრიელად მიირთვით!