კვერცხის და ფქვილის გარეშე. მსუბუქი მარწყვი–ბანანის დესერტი

321

ნაზი ხაჭო–არაჟნის ბაზა და წვნიანი ხილი გარანტიას გაძლევთ, რომ დესერტი საოცრად გემრიელი გამოვა. ასეთი კომბინაცია მოეწონება მათაც, ვინც ტკბილი კერძების მოყვარული არაა. მარწყვი–ბანანის დესერტს აუცილებლად ღირსეულად დააფასებენ.

ხელნაკეთი ტკბილეულის მომზადებას ელემენტარული შეგვიძლია ვუწოდოთ. ღუმლის გამოყენება არ სჭირდება. სიტყვაზე, ხორბლის ფქვილის და კვერცხის ყიდვაც არ მოგიწევთ. საკმარისია, რომ ყველა საჭირო ინგრედიენტი აურიოთ და გამაგრებას დაელოდოთ.

როგორ მოვამზადოთ უნაზესი მარწყვი–ბანანის დესერტი

ჟელატინი რომ არ დაკურკუტდეს, ერთ ხრიკს მიმართეთ. ჯერ ცოტა ხაჭოს მასა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ჟელატინის ნარევი ხაჭო–არაჟნის ბაზის ძირითად ნაწილს შეურიეთ.

ინგრედიენტები:

  • 250 გ მარწყვი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 25 გ ჟელატინი
  • 400 გ არაჟანი
  • 10 გ ვანილი
  • 2 ბანანი
  • 70 მლ წყალი
  • 350 გ ხაჭო
  • 160 გ შაქარი
  • 30 გ თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ბანანს ქერქი მოაშორეთ. 2 სმ სისქის რგოლებად დაჭერით. ლიმონის წვენი დაასხით.

2. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. შუაზე გაჭერით.

3. სწრაფად ხსნადი ჟელატინი პატარა თასში ჩაყარეთ. ცივი წყალი დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ჟელატინი 5-7 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

4. ბაზა მოამზადეთ. ხაჭო ღრმა თასში გადაიტანეთ. ნებისმიერი ცხიმიანობის არაჟანი, ვანილი და შაქარი დაუმატეთ. ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. კურკუტები არ უნდა დარჩეს.

5. ჟელატინი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. ხაჭო–არაჟნის მასას დაუმატეთ. სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

6. ხაჭოს მასას დაჭრილი ბანანი და მარწყვი დაუმატეთ. სპატულით ფრთხილად აურიეთ. ეცადეთ, რომ ხილის ფორმა არ დააზიანოთ.

7. კულინარიული რგოლი აიღეთ. ძირში პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, გვერდებზე – პარკი. ფორმაში ხილის მასა ჩაასხით და გაასწორეთ.

8. თეთრი შოკოლადი დატეხეთ და დესერტს ზემოდან მოაყარეთ. 6-8 საათი მაცივარში შეინახეთ. მზადაა!

დესერტი 16 სმ დიამეტრის კულინარიულ რგოლში ჩაასხით. თუ ასეთი ფორმა არ გაქვთ, ფოლგით გააკეთეთ. შემდეგ, როგორც რეცეპტში მითითებულია, ხელნაკეთ რგოლში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ამისთვის საჭირო ზომის წრე გამოჭერით. ფორმის გვერდებს პარკი ააკარით. ასე დესერტს რგოლიდან ადვილად ამოიღებთ.