ხორცის გუფთები ყინულის ფორმებში. უჩვეულო წასახემსებელი ხრაშუნა ქერქით

66

წასახემსებლის ისე მომზადება, როგორც საუკეთესო ბარშია, ძალიან მარტივია. ამაში Gastronomia.ge–ს რედაქცია დაგეხმარებათ. თუ მეგობრები შეკრებას აპირებთ, კაფეში წასვლა საჭირო არაა. მეგობრები ყინულის ფორმებში გუფთებით გააოცეთ.

მის მოსამზადებლად ხორცის ფარშის დაგუნდავება არ მოგიწევთ. ყველაფერი გაცილებით ადვილია. ყინულის ფორმები ფარშით გაავსეთ და მზადაა. მარტივი, სწრაფი და ძალიან მოსახერხებელი.

როგორ მოვამზადოთ გუფთები ყინულის ფორმაში

წასახემსებელს ხრაშუნა ოქროსფერი ქერქი რომ ჰქონდეს, განსაკუთრებული საფანელი მოამზადეთ. ლუდი, ფქვილი და საყვარელი სანელებლები აურიეთ. ჯერ ხორცის გუფთები მოცემულ ცომში ამოავლეთ, შემდეგ საფანელში. მზადაა.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ღორის ფარში
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 130 გ საფანელი
  • 250 მლ ღია ფერის ლუდი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კვერცხი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 გ ხმელი ყველი

მომზადების წესი:

1. ღორის ფარშს კვერცხი დაუმატეთ. ლუდი ჩაასხით. 30 გ საფანელი, მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

2. ხმელი ყველი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

3. ხორცის ფარში ყინულის ფორმებში ჩადეთ. ცენტრში ყველის ნაჭერი დაუმატეთ. ფარშს გადააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

4. ხორბლის ფქვილი და ლუდი ღრმა თასში აურიეთ. მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. ხორცის გუფთები ჯერ ლუდის ნარევში ამოავლეთ, შემდეგ ორცხობილის საფანელში.

6. ღრმა ტაფაში ან სქელძირიან ქვაბში მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ და ხორცის ნამზადი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

მოწითალო ბურთები წელვადი ყველით მზადაა. გარედან ხრაშუნა და შიგნით წვნიანი წასახემსებელი ლუდზე მისაყოლებლად იდეალურია. საღამოს ფილმი ჩართეთ და ჩვეული სნექის ნაცვლად მადის აღმძვრელი გუფთები მიირთვით. მსუბუქი არაჟნის სოუსი მწვანილით, ნივრით და დაფქული პაპრიკით გააკეთეთ. ოჯახის წევრები აღფრთოვანებულნი დარჩებიან.