ჩაქაფულის ტრადიციული რეცეპტი – კერძი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულის მშვენებაა

4453

ჩაქაფული რიტუალური კერძია, აღდგომის დღესასწაულის მშვენება. აღმოსავლური წარმოშობის ეს კერძი ქართულ ქრისტიანულ ტრაპეზს განუყოფელად დაუკავშირდა. ამის მიზეზი ჩაქაფულის შემადგენელთა სიმბოლიკაა – ბატკანი, რომელიც ქრისტეს სიმბოლოა, ტარხუნა და მწვანილეული – მარადიული განახლების; და ღვინო – უმთავრესი  რიტუალის  – ზიარების მთავარი კომპონენტი.

აი, მისი რეცეპტიც.

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ან ხბოს ხორცი – 1 კგ
  • ქინძი – 80 გ
  • ოხრახუში – 70 გ
  • მწვანე ხახვი – 150 გ
  • ტარხუნა – 200 გ
  • ნიორი – 15 გ
  • ახალი ტყემალი -200 გ
  • თეთრი მშრალი ღვინო – 350 მლ
  • მწვანე წიწაკა – 15 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ოთხ ნაწილად გაყავით. ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და ტარხუნა დაჭერით უხეშად, არ დაკეპოთ, აურიეთ ერთმანეთში და ასევე ოთხ ნაწილად გაყავით.

2. ქვაბში ერთ ფენად ჩააწყვეთ ხორცი და მოაყარეთ წინასწარ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და ტარხუნა, ცოტა ახალი ტყემალი და ნიორი; შემდეგ ისევ ხორცის ფენა ჩააწყვეთ და კვლავ მოაყარეთ მწვანილეულობა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.

3. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, მოასხით ღვინო და დაამატეთ იმდენი წყალი, რომ ხორცი ოდნავ დაფაროს. ადუღეთ კერძი დაბალ ცეცხლზე. წამოდუღებულ კერძს ამოურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. როგორც კი ხორცი მოიხარშება, ჩაქაფული მზად არის.