შოკოლადის „ნაპოლეონი“. ჩვეულებრივზე 100–ჯერ უფრო გემრიელია

326

თუ კლასიკური „ნაპოლეონი“ და შოკოლადი გიყვართ, Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ დესერტის მომზადებას დაჟინებით გირჩევთ. ტკბილეული იმდენად გემრიელია, რომ ბოლო ნაჭრის ჭამამდე ვერ გაჩერდებით. გიამბობთ, რა გჭირდებათ იდეალური ტორტის მისაღებად.

პირველ რიგში, მოთმინება და დრო გჭირდებათ. კარგია, თუ ტორტს მაცივარში მთელი ღამე გააჩერებთ. ასე კრემით და შოკოლადის ჭიქურით კარგად გაიჟღინთება. შედეგი ამად ნამდვილად ღირს. სამეფო დესერტია.

ტორტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 100 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ გაყინული კარაქი
  • 20 გ კაკაო
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 380 გ ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 280 გ შაქარი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • ვანილი
  • 1,2 ლ რძე
  • 100 გ ფქვილი
  • 180 გ კარაქი
  • 200 გ შავი შოკოლადი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 150 გ შავი შოკოლადი
  • 60 გ კარაქი
  • 80 მლ რძე

მომზადების წესი:

1. გაცრილი ფქვილი, კაკაო და მწიკვი მარილი აურიეთ. კვერცხი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. არაჟანი, შაქარი და ჩამქრალი სოდა დაუმატეთ და აურიეთ. გაყინული კარაქი სწრაფად გახეხეთ, ცომს დაუმატეთ და მოზილეთ. მზა ცომი 1 საათით საყინულეში შეინახეთ.

2. სქელძირიან ქვაბში კვერცხის გულები და შაქარი მოათავსეთ, რძე და ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით. გასქელებას დაელოდეთ, შემდეგ ქურას მოაშორეთ, შოკოლადის ნატეხები და კარაქი დაუმატეთ.

3. კრემი მიქსერით ათქვიფეთ, ასე უფრო ერთგვაროვანი გამოვა. პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებას დაელოდეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ.

4. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით, რომ ბისკვიტის ფენები გამოაცხოთ. ძალიან თხელი არ გააკეთოთ. თითოეული ფენა წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 4-5 წუთით აცხვეთ.

5. ტორტი ააწყვეთ, შემდეგ ჭიქური მოამზადეთ. შოკოლადი, კარაქი და რძე წყლის ორთქლზე გაადნეთ. მიღებული მასა ტორტს მოასხით და სურვილისამებრ გააფორმეთ. ტორტი დროებით მაცივარი შეინახეთ.

ბისკვიტის ფენების კიდეები დაფშვენით და ტორტი ზემოდან და გვერდებზე გააფორმეთ. ასე კლასიკური ნაპოლეონის მსგავსი გამოვა. ნაფშვენი დაქუცმაცებული შოკოლადით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. თუ ზედმეტი წვალება არ გსურთ, მხოლოდ ჭიქური მოასხით და სხვა არაფერი დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!