გემრიელი მარინადი ქათმისთვის: 100-ჯერ შემოწმებულია

702

ალბათ, ნებისმიერი მზარეული იტყვის: ძალიან გემრიელი ხორცი რომ მოამზადოთ, აუცილებლად უნდა დაამარინადოთ. ქათმისთვის ყველაზე გემრიელი მარინადი გამოიყენეთ და თქვენი მწვადი შეუდარებელი გემოთი და განუმეორებელი არომატით გაგახარებთ. ქათმის დამარინადების ბევრი მეთოდი არსებობს, მთავარია, ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ და თქვენთვის საყვარელ რეცეპტს იპოვით. ქათმის მწვადს გემო შეგიძლიათ არაჟნის, სოკოს, ლიმონის, მდოგვის, ბოსტნეულის ან უბრალო კეტჩუპის სოუსით დაუმატოთ.

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე გემრიელ მარინადს ქათმის ხორცისთვის. მარინადი ხორცს გარს ეხვევა, ხორცის წვენის გამოყოფას აჩერებს და ხორცს დაწვისგან იცავს. მარინადში გაჩერებული ხორცი საოცარ არომატს იძენს, ხოლო გემო უფრო კაშკაშა და ორიგინალური ხდება. მარინადის გამოყენებით ქათმის ხორცი რბილდება, უფრო ნაზი და წვნიანი ხდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • ½ ჭიქა შრატი (კეფირი, მაწონი, მჟავე რძე)
  • ½ ჩ/კ ხმელი ნიორი
  • ¼ ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა (ჩილის წიწაკა)
  • ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • ½ ჩ/კ კარი
  • 1 ჩ/კ ტკბილი წიწაკა (პაპრიკა)
  • ¼ ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

იდეალური ქათმის კერძი რომ მიიღოთ, ხარისხიანი ხორცი გამოიყენეთ და მარინადი სწორად შეურჩიეთ. დამარინადების დროც მნიშვნელოვანია. თუ მთელი ქათმის დამარინადებას აპრებთ, სჯობს წინა ღამით დაამარინადოთ. ქათმის ცალკეული ნაწილების დასამარინადებლად ნაკლები დრო დაგჭირდებათ. თუ ფრთები, გულმკერდი ან ფილე გაქვთ, 1 საათით გააჩერეთ. ბარკლებისა და კანჭებისთვის მეტი დრო დაგჭირდებათ – 2–4 საათი.

თავად გემრიელი მარინადის მომზადებაზე გადავიდეთ. პირველ რიგში, მოსახერხებელი თასი დაგჭირდებათ. თასში შრატი ჩაასხით. ნებისმიერი რძემჟავე პროდუქტი (კეფირი, მაწონი, მჟავე რძე და უშაქრო იოგურტი) გამოგადგებათ.

ხორცის დასამარინადებელი ჭურჭლის არჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხორცი შეგიძლიათ იმ ჭურჭელში დაამარინადოთ, რომელიც არ მჟავდება. ეს შეიძლება იყოს მინანქრის ჭურჭელი (მინანქრის ჭურჭელს რაიმე ბზარი ან ნაკაწრი არ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორცი უსიამოვნო ლითონის გემოს მიიღებს). მინის და კერამიკის ჭურჭელი, ცივი პროდუქტებისთვის სპეციალური პლასტმასის ჭურჭელი ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელიც გამოგადგებათ. ალუმინის ჭურჭელში ხორცის დამარინადება არ შეიძლება. მასზე ზემოქმედება დაჟანგვას იწვევს და ხორცს უსიამოვნო გემოს აძლევს.

შრატს ¼ ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, 1 ჩ/კ ტკბილი წიწაკა, ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა, ½ ჩ/კ ხმელი ნიორი, ½ ჩ/კ კარი და ¼ ჩ/კ მარილი დაუმატეთ.

სანელებლები შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ: იმის მიხედვით, თუ რამდენად ცხარე კერძის მიღება გსურთ. წიწაკა ყველაზე უნივერსალური სანელებელია. ალბათ, ყველა კერძს ვუმატებთ. აი, ჩილის წიწაკა, რომელიც სიცხარეს მატებს, დოზირებულად დაუმატეთ: რაც უფრო მეტს გამოიყენებთ, მით უფრო ცხარე კერძს მიიღებთ.

ქათამს უხდება სურნელოვანი ბალახები: სალბი, პიტნა, მაიორანი, ბეგქონდარა, რეჰანი და როზმარინი. მხოლოდ ერთი ნათელი გემო გამოიყენეთ ან ყველა ბალახის ორიგინალური ნარევი შექმენით. ყველა ეს ბალახი ქინძს და კოჭას შესანიშნავად უხდება. მათი დახმარებით ხორცის გემოს გაამდიდრებთ.

კურკუმა ქათამს საინტერესო გემოს მატებს: მარინადში მცირე რაოდენობით დაამატეთ. კურკუმა ქათამს ოქროსფერ ქერქს მიანიჭებს.

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. თუ სურვილი გაქვთ, მარინადს 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები დაუმატეთ.

მიღებულ მარინადში ქათამი ჩადეთ. ხელებით მარინადი კარგად წაუსვით, რომ კარგად შეიწოვოს. ამის შემდეგ სიმძიმე დაადეთ (პირადად თეფშს ან წყლიან ქილას ვიყენებ) და მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ.

ქათამი მარინადით კარგად რომ გაიჟღინთოს, საღამოს მოამზადეთ და ღამით მაცივარში შეინახეთ.

მზა მწვადებს სოიოს სოუსი უხდება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი, სოიოს სოუსი, ნიორი და თუ სურვილი გაქვთ, დაფქული შავი წიწაკა. სოუსი და მაიონეზი 1:3 თანაფარდობით აურიეთ და გემოვნებით ნიორი და წიწაკა დაუმატეთ.