როდესაც ამ რეცეპტით ვამზადებ პრასის მხალს, ყოველთვის იდეალურად შეკმაზული გამომდის

0
1491

საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მცენარეების საკვებად მომზადების დიდი გამოცდილება ქართულ სამზარეულოში მხალეულისგან მომზადებული კერძების სიმრავლეს განაპირობებს.

ტყეებსა თუ მიდამოებში, მთასა თუ ბარში, ველურად გავრცელებული თუ კულტურული მცენარეები მრავალფეროვან ვეგეტარიანულ კულინარიას უდევს საფუძვლად, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთათვის. სწორედ დღეს მოვამზადებთ მხალის ერთ-ერთ სახეობას, პრასის მხალს, რომელსაც იდეალურად შეკმაზული ნიგოზი და სუნელები საოცარ გემოს აძლევს.

ინგრედიენტები:

  • პრასი – 500 გ
  • ნიგოზი – 150 გ
  • ხახვი – 1/2 თავი
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • სოდა – 1 ჩ.კ.
  • ცოცხალი ქინძი – 10 გ
  • ოხრახუში – 10 გ
  • ძმარი – 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ.
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ.
  • მარილი გემოვნებით
  • ბროწეული გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ პრასი, გარეცხეთ და მოწალეთ ადუღებულ წყალში. შეგიძლიათ, წყალში ჩაყაროთ 1 ჩაის კოვზი სოდა, რომ პრასმა ხასხასა ფერი შეინარჩუნოს. მდუღარე წყლიდან ამოღების შემდეგ თუ პრასს ცივ წყალს გადაავლებთ, ესეც ფერსა და ფორმას შეუნარჩუნებს.
  2. მოწალული პრასი გადაწურეთ და დაკეპეთ.
  3. დაჭერით ქინძი და ოხრახუში წვრილად და დაკეპილ პრასს გადაურიეთ.
  4. წინასწარ აურიეთ ერთმანეთში უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, გახეხილი ნიორი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი წყალი, მარილი და გატარებული ნიგოზი. ეს ყველაფერი მოაყარეთ დაკეპილ პრასს და კარგად აურიეთ.
  5. მომზადებული კერძი სუფრასთან მიტანამდე ბროწეულის მარცვლებით გააფორმეთ.

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენ როგორ ამზადებთ პრასის მხალს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი