ხრაშუნა და არომატული ღანძილის მწნილი

4396

ადრე გაზაფხულზე ბუნება არაჩვეულებრივ ველურ მწვანილს – ღანძილს ჩუქნის ავიტამინოზით დატანჯულ ორგანიზმს. მარტის შუა რიცხვების მერე არომატული ღანძილი ყველა ფერმერულ ბაზარში იყიდება.

ღანძილი შესანიშნავი ინგრედიენტია სალათებისთვის, ცომეულის შიგთავსად, ხორცი ღანძილთან საოცარ არომატს იძენს, შემწვარი კარტოფილი კი ბევრად გემრიელი ხდება მასთან ერთად. დასანანია, რომ ღანძილის სეზონი მალე მთავრდება.

ამიტომ “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ მისი შენახვის ერთ-ერთ ხერხს. დამწნილებისას მცენარე ინარჩუნებს ფერს, არომატს და სტრუქტურას, რომელიც გაყინვისას იკარგება.

ინგრედიენტები

  • 600-800 გრ ღანძილი
  • 1 ლ წყალი
  • 5 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 6-8 ც პილპილის კაკალი
  • 4 ც მიხაკი

მომზადება

1. გაარჩიეთ ღანძილი, კარგად გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები. ჩაყარეთ მდუღარე წყალში 30 წამით, შემდეგ ამოიღეთ და ცივ წყალში გაავლეთ. მოათავსეთ სტერილურ ქილებში.

2. აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი და სუნელები. კარგად მოურიეთ და დაასხით ძმარი.

3. მიღებული მარინადი დაასხით ღანძილს. მოხუფეთ ქილები, გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ და დატოვეთ სანამ ბოლომდე გაცივდება.

მიღებული მწნილი კარგია როგორც დამოუკიდებელ კერძად, ასევე სხვადახვა კერძებთან შეხამებით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!