ზაფხულში ახალი ბოსტნეულით რაც შეიძლება მეტი განსხვავებული კერძი უნდა მოამზადოთ, რომ მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ. თუ თქვენს არსენალში რამდენიმე ყაბაყი და პომიდორია, მდიდრული ვახშმის მომზადებას გთავაზობთ. მის მომზადებაზე 45 წუთზე მეტს არ დახარჯავთ. წვნიანი ყაბაყი ფრანგულად გამოაცხვეთ და დარწმუნდებით, რომ მასზე გემრიელი ვახშამი არ არსებობს.
კერძის მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. თუ ხორცი ფრანგულად ერთხელ მაინც გამოგიცხვიათ, ყაბაყს თვალდახუჭული გაუმკლავდებით. მთავარია, გქონდეთ მწიფე პომიდორი, ხმელი ყველი და ცოტა მაიონეზი. სიტყვაზე, სანაქებო კერძი რომ მოამზადოთ, ყაბაყი ლამაზად დაჭერით. ყაბაყის ნაჭრები ძალიან თხელი ან სქელი არ უნდა იყოს. დაჭრისას არ იჩქაროთ და მზა წასახემსებელი შეუდარებელი გამოვა.
როგორ მოვამზადოთ არომატული და წვნიანი ყაბაყი ფრანგულად
თუ ნაკლებად კალორიული კერძის მიღება გსურთ, მაიონეზი ჩაანაცვლეთ15%–იანი არაჟნით, რომელიც ყაბაყს ცხობის წინ უნდა წაუსვათ. გემრიელი ბოსტნეულის კერძის დიეტური ვარიანტი გამოვა.
ინგრედიენტები:
- 1 ყაბაყი
- 150 გ ხმელი ყველი
- 1 ჩ/კ თავშავა
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- 3 პომიდორი
- 30 გ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ყაბაყი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. ბოსტნეული სიგრძეზე შუაზე გაჭერით. თითოეული კიდევ რამდენიმე საშუალო სისქის მოგრძო ნაჭრებად დაჭერით.
2. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მასზე მიღებული ყაბაყის ზოლები ერთ ფენად დააწყვეთ. ცოტა მარილი მოაყარეთ და მაიონეზი წაუსვით.
3. პომიდორი გარეცხეთ. ქაღალდით გაამშრალეთ და რგოლებად დაჭერით. პომიდვრის რგოლები ყაბაყის ნაჭრებს დაადეთ. შავი წიწაკა და თავშავა მოაყარეთ.
4. ხმელი ყველი გახეხეთ. პომიდორს ზემოდან მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი აცხვეთ. მზადაა!
ყაბაყის ნაჭრები ღუმელიდან გამოიღეთ და ცოტა შეგრილება აცადეთ. ამ დროში ახალი ოხრახუში გარეცხეთ და გაამშრალეთ. წვრილად დაჭერით და გამომცხვარ ყაბაყს ყველის ქუდზე მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!