ქათმის ჩიხირთმა – გემრიელი რეცეპტი ახალბედა დიასახლისებისათვის

4059
SONY DSC

ჩიხირთმის მოსამზადებლად იდეალურია სოფლის ქათამი, მაგრამ ყოველთვის როდი გვაქვს ასეთი ფუფუნება, ამიტომაც ეცადეთ შედარებით ხარისხიანი გაყინული ქათამი მაინც იყიდოთ ხოლმე. ბევრმა დიასახლისმა იცის ჩიხირთმის მომზადება, ამიტომაც შეიძლება ეს რეცეპტი ნაცნობიც იყოს, აი ახალბედა დიასახლისებს კი ნამდვილად გამოადგებათ ჩიხირთმის ეს რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი – 800-900 გრ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • ძმარი – 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი – 4-5 თავი
  • პურის ფქვილი – 3 ჩაის კოვზი
  • ზაფრანა (ყვითელი ყვავილი) – 1 ჩაის კოვზი
  • წვრილად დაჭრილი ქინძი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. 800-900 გრამი მსუქანი ქათმის ხორცი დავჭრათ ასო-ასოდ, ჩავყაროთ ქვაბში, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ხორცი ოდნავ შევარდისფრდება.
  2. ჩავუმატოთ ხახვი და ქინძი. ქინძი განსაკუთრებით წვრილად უნდა იყოს დაჭრილი.
  3. ვხრაკოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და დავასხათ წყალი დაახლოებით 10 ჩაის ჭიქა. იდუღოს, სანამ ხორცი საკმაოდ არ მოიხარშება.
  4. შევასქელოთ იმავე ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და ვადუღოთ.
  5. 10 წუთის შემდეგ 4 კვერცხის გული კარგად ავლესოთ, დავასხათ თეთრი ღვინის ძმარი, კიდევ ვლესოთ 5 წუთი, შემდეგ ჩავასხათ ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ სუპში.
  6. ერთ ჩაის კოვზ ზაფრანას დავსახათ 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათის შემდეგ გადავწუროთ. გადაწურული წვენი ჩავასხათ კერძში.

უგემრილესი ჩიხირთმა მზადაა. გემრიელად მიირთვით!