კენკრის ჟელე – ჩემი საყვარელი დესერტია: ნაზი, მსუბუქი და გამაგრილებელი ეფექტის მქონე გემო ნამდვილად მოგეწონებათ.
ჟელეს მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება ჟელატინი, კენკრის წვენი, სიროფი, ნაღები ან რძე. 1ლ სითხეზე დაახლოებით 50გ ჯელატინი დაგვჭირდება. გახსნით წყალში და დაელოდებით მის ამოფუებას. ამოფუების შემდეგ გადაასხამთ ზედმეტ წყალს, მოასხამთ ცხელ სიროფს და მოურევთ გალღვობამდე. ამ მასას ჩაასხამთ ფორმებში და მაცივარში დატოვებთ რამდენიმე საათი. რამდენიმე წუთი თუ წყალში ჩაუშვებთ ჟელეს ის უმარტივესად გადმოვა ფორმიდან.
რაც შეეხება კენკრას – ნებისმიერი კენკრა გამოგადგებათ ამ დესერტის მოსამზადებლად: ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი, წითელი და შავი მოცხარი, მოცვი და სხვა. კენკრისგან მოამზადეთ პიურე და შეურიეთ წყალში გახსნილ ჟელატინს. ასევე შეგიძლიათ მოადუღოთ ჟელე კენკრის წვენისგან და მოასხათ ცოცხალ კენკრას.
მეტად სასიამოვნო გემოს მისაღებად ჟელეს შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი, ციტრუსის ცედრა, ღვინო და ლიქიორი. ფენებად მომზადებული ჟელე ძალიან უცხოდ გამოიყურება. ამისათვის რამდენიმე სახის ჟელე განსხვავებული კენკრისგან, შოკოლადის, ნაღების უნდა ჩაასხათ ფორმაში რიგ-რიგობით. ერთი ფენის გაგრილების შემდეგ ზემოდან უნდა დაასხათ მეორე და დაელოდოთ მის გაგრილებას.
კენკრის ჟელე დამოუკიდებელ დესერტად თამამად შეგიძლიათ წარადგინოთ, მაგრამ მე ტორტებსაც ხშირად ვაფორმებ ფერადი ჟელეებით. შესქელებულ ჟელეს, სანამ სრულად გაგრილდება, ათავსებენ ფირფიტაზე და ტოვებენ გრილ ადგილას. უკვე მზა ჟელე შეგიძლიათ დაჭრათ კუბიკებად და გააფორმოთ ნაყინი, სუფლე და სხვა გემრიელობები.
გემრიელად მიირთვით!