პასქა იდეალური რომ გამოვიდეს, ცომს კარტოფილის ნახარშით ვზელ. მეზობლები რეცეპტს მოგთხოვენ

468

უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ჩემმა დაქალმა, ნათელამ, სამოთხეში გადაინაცვლა. უკეთილშობილესი და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. ყოველთვის საოცარ კერძებს ამზადებდა. დღემდე მახსოვს მისი საფუვრიანი, კარტოფილის ნახარშით მომზადებული პასქა. ერთხელ აღდგომაზე მეგობრები ოჯახებთან ერთად შევიკრიბეთ. ყველა გამოცდილი დიასახლისი ვიყავით და ჩვენი რეცეპტით მომზადებული პასქა მოვიტანეთ. ყველა მომეწონა, თუმცა ბრმა ტესტის დროს ნათელას პასქამ სხვები გადაფარა. პირში უბრალოდ დნებოდა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ პასქა კარტოფილის ნახარშით და საფუარით.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ახალი საფუარი
  • 1 ლ რძე
  • 1,5-2 ლ ქილა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 0,5 შეკვრა კარაქი
  • 0,5 შეკვრა მარგარინი (უმაღლესი ხარისხის)
  • 5 ჭიქა შაქარი
  • 14 კვერცხი
  • 3 კარტოფილი
  • 200 გ ქიშმიში
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ვანილი, დარიჩინი გემოვნებით

ყურადღება! 1 ჭიქა 250 მილილიტრია.

მომზადების წესი:

1. ნათელა ხალხური ტრადიციის მიხედვით პასქას ვნების კვირეულში, დიდ ხუთშაბათს აცხობდა. მისი რეცეპტის დაცვით, წინა საღამოს ცხობისთვის მომზადება დაიწყეთ. 1 ს/კ სოდა 1 ლ წყალი აურიეთ, მასში კვერცხი 30 წუთით ჩადეთ. შემდეგ გარეცხეთ და გაამშრალეთ. 11 კვერცხი სუფთა ჭურჭელში ჩააწყვეთ, პარკი დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ.

2. 3 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი აურიეთ. 1 ჭიქა თბილი წყალი და საფუარი აურიეთ. ორივე ნარევი ერთმანეთს აურიეთ. ცომის ხაშს პარკი დააფარეთ და დილამდე გააჩერეთ.

ვამზადებთ ცომს კარტოფილის ნახარშით და საფუარით

3. დილით კვერცხი მაცივრიდან გამოიღეთ და ფქვილი გაცერით. 3 მსხვილი კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. ნახარში არ გადაასხათ, პირდაპირ დაჭყლიტეთ. შემდეგ გაცრილი ფქვილის ნახევარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ არ დაკურკუტდეს. ნახევარი ლიტრი თბილი რძე ჩაასხით და აურიეთ. გვერდზე გადადეთ, სანამ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება. დარჩენილი რძე ჩაასხით, ნარევი საწურში გახეხეთ და წინა დღით მომზადებული ცომის ხაში დაუმატეთ.

4. ცომის ხაშს პირსახოცი დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ. უკეთ რომ ამოვიდეს, ღუმელი 30 გრადუსზე ჩართეთ, ხოლო წყლით სავსე ქვაბი სუსტ ცეცხლზე დადგით. ცომი ღუმელთან ახლოს მოათავსეთ.

ვაგრძელებთ მომზადებას

5. კვერცხის ცილები გულებისგან გამოყავით და მაცივარში უფრო ცივ ადგილას შეინახეთ. კვერცხის გულები და 4 ჭიქა შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ. ცალკე კვერცხის ცილა და მარილი მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.

6. კარაქი და მარგარინი გაადნეთ, ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. თბილი ნარევი გჭირდებათ.

7. როცა ცომი მოცულობაში მინიმუმ გაორმაგდება, თბილი ცხიმი, კვერცხის გულების და შაქრის ნარევი, ცილოვანი ქაფი, ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ. 1 საათით უნდა მოზილოთ. მოზელის დროს სასიამოვნო რამეზე იფიქრეთ, მაგალითად, როგორი არომატული და ფაფუკი პასქა გამოვა.

8. ცომი რბილი გამოვა, ხელზე არ მიგეკვრებათ. რამდენიმე კოვზი მცენარეული ზეთი თეფშზე დაასხით და ხელისგულებზე წაისვით, რომ ცომი სწრაფად ჩაზილოთ.

9. ცომს პირსახოცი დააფარეთ და 2 საათით გააჩერეთ.

ქიშმიში ცომს დაუმატეთ

10. ქიშმიში გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. შეგეძლოთ ქიშმიში დილით გაგერეცხათ და კონიაკში ჩაგელბოთ. მშრალი ქიშმიში ფქვილში ამოავლეთ. ასე ცომში თანაბრად განაწილდება.

11. 2 საათის შემდეგ ცომი ჩაზილეთ, დაუმატეთ ქიშმიში და მოზილეთ. უკვე შეგიძლიათ პორციებად დაყოთ, დააგუნდავოთ და ფორმებში ჩადოთ. ფორმებს წინასწარ ცხიმი წაუსვით და ფქვილი ან საფანელი მოაყარეთ. ცომით ფორმების მესამედი გაავსეთ.

12. ისევ გააჩერეთ, რომ ცომი ფორმაში ამოვიდეს. მოცულობის გაორმაგების შემდეგ წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. ალტერნატივად კვერცხის გულისა და ცოტა წყლის ნარევი ან უსუნო მცენარეული ზეთი გამოგადგებათ.

13. პასქა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთიდან 1 საათამდე აცხვეთ. დრო ფორმების ზომაზეა დამოკიდებული. პასქის მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. არომატს და შეწითლებულ ზედა ნაწილსაც დააკვირდით.

ბალიშებს პირსახოცი დააფარეთ და ცხელი პასქა დააწყვეთ, ზემოდან სუფთა ქსოვილი დააფარეთ. ასე გაგრილებამდე გააჩერეთ. ამის შემდეგ თქვენი გემოვნებით გააფორმეთ.