“არ არის პორკეტა – არ არის დღესასწაული!” იტალიური სამზარეულოს ნამდვილი შედევრი

2650

პორკეტა – იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ იტალიაში ნამყოფი ხართ, აუცილებლად გექნებათ მოსმენილი შემდეგი ტექსტი: “არ არის პორკეტა – არ არის დღესასწაული!”

ღორის ხორცის რულეტი სხვადასხვა სანელებელთან ერთად – გემრიელად ჟღერს, არა? სანამ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მინდა გითხრათ, რომ პორკეტა საოცრად არომატული, წვნიანი და პიკანტური გემოთი გამორჩეული კერძია, რომლის სამშობლოსაც სწორედ იტალია წარმოადგენს.

ღორის ხორცის რულეტი – პორკეტა

ინგრედიენტები: 

  • 1,5 კგ ღორის ხორცი (ბეჭის ნაწილი)
  • 2 ს.კ. სალბი (შალფეი)
  • 3 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 ს.კ. კამის დაფქული თესლი
  • 2 ს.კ. როზმარინი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ ღორის ხორცი გამდინარი წყლით. დაჭერით ის თხელ ფენად ისე, რომ არ იყოს წყვეტა. თქვენ უნდა მიიღოთ ღორის ხორცის ერთი მთლიანი თხელი ფენა.

2. იმ ადგილებში, სადაც ღორის ხორცის ფენა შედარებით სქელი და მკვრივი იქნება, გააკეთეთ სწორი ჭრილები დანით.

3. გამზადებულ ფენას მოაყარეთ მარილი და კარგად შეაზილეთ ზეითუნის ზეთი.

4. ზეთით დამუშავებულ ხორცს მოაყარეთ ზემოდან დაფქული წიწაკა, ქინძის დაფქული თესლი, როზმარინი, სალბი, კარგად დასრესილი ნიორი და ფორთოხლის ცედრა.

5. შეახვიეთ რულეტი ხორცის ამ ფენისგან.

6. შედგით ის მაცივარში მინიმუმ 1 საათით. მიზანშეწონილია ხორცის დაყოვნება მაცივარში მთელი ღამით. რულეტი რომ არ დაიშალოს, რეკომენდებულია მისი დაფიქსირება სამზარეულოს სპეციალური ბაწრის გამოყენებით.

7. გამოსაცხობად გამზადებული ხორცის რულეტი მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, ზემოდან ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ზეითუნის ზეთი და შედგით 230 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურა 120 გრადუსამდე და დატოვეთ რულეტი გამოსაცხობად კიდევ 1 საათით.

8. რულეტის მომზადების დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოიღეთ ის ღუმელიდან, შეახვიეთ ფოლგაში და კვლავ დააბრუნეთ უკან. უგემრიელესი პორკეტა მზად არის!

როგორც უკვე გითხარით, იტალიური სამზარეულოს საკმაოდ ცნობილი ეს კერძი ძალიან წვნიანი და არომატულია, ხოლო სხვადასხვა სანელებლები მის გემოს კიდევ უფრო პიკანტურსა და გაჯერებულს ხდის. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!