როგორ გამოვაცხოთ ოჯახში უგემრიელესი პასქა

6268

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წარმოუდგენელია პასქის გარეშე. პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ. ის არის იმ მთის სიმბოლო, რომლზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. გასტრონომიას რედაქცია უგემრიელეს პასქის რეცეპტს გთავაზობთ. აუცილებლად მოამზადეთ ერთხელ მაინც ამ რეცეპტით. მადლიერი დარჩებით!

ინგრედიენტები: 

  • 500 მლ რძე
  • 500 გ შაქარი
  • 8 ცალი კვერცხი
  • 500 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 250 გ ქიშმიში
  • 1,5-2 კგ ფქვილი
  • 3 ს.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. დაფქული ჯავზი
  • 1 ს.კ. დაფქული ილი
  • 1 ჩ.კ. მიხაკ-დარიჩინი
  • 0,5 ჭიქა ზეთი

მომზადების წესი:

  1. მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და, ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით, მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
  2. კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი და სანელებლები.
  3. როცა ცომის ხაში აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავუმატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. ცომი კარგად მოვზილოთ, შემდეგ დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი 2-ჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.
  4. მესამედ რომ ამოვა, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ როგორ ამზადებთ პასქას.