კეტჩუპი სომხურად. ნატურალური დანამატი ხორცისთვის, მაკარონისა და ბოსტნეულისთვის

482

დაგვეთანხმეთ, ხელნაკეთი კეტჩუპი მაღაზიაში ნაყიდი სოუსის შესანიშნავი ალტერნატივაა. ახალი პომიდვრით და სწორი სანელებლებით შინ მომზადებული კეტჩუპი სომხური რეცეპტით ნებისმიერ დიასახლისს გაახარებს.

ნებისმიერ რამეზე შეგიძლიათ გამოიყენოთ: ხორცთან, მაკარონთან ან ბოსტნეულის კერძში. პომიდვრის სოუსი წარმოუდგენლად ნაზი, ტკბილ–მჟავე გამოდის და კერძის გემოს რბილად ავსებს. ზამთრისთვის შესანიშნავი ნამზადია, ამიტომ Gastronomia.ge–ს რედაქცია ორმაგი პორციის მომზადებას გირჩევთ. არ წააგებთ!

კეტჩუპი სომხურად: მომზადების მომენტები

ორიგინალ რეცეპტში ქურის გამორთვამდე წვრილად დაჭრილი ქინძის დამატება რეკომენდებულია. ქვემოთ მოცემულ რეცეპტში ქინძი არ გვხვდება, რადგან ეს მცენარე სამოყვარულოა. უფრო გავრცელებული მწვანილის, კამის ან ოხრახუშის გამოყენებას გირჩევთ. თუ სოუსი ბოსტნეულის ნაჭრებით გიყვართ, მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე წვრილად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კგ პომიდორი
  • 6 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
  • 6 ს/კ ძმარი
  • 6 მიხაკი
  • 15 ს/კ შაქარი
  • 7 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ სახამებელი

მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, თასში გადაიტანეთ და საშუალო ცეცხლზე 1 საათი ხარშეთ. შემდეგ საცერში გახეხეთ. ასე წვენს თესლს და კანს მოაშორებთ.

2. პომიდვრის წვენი მინანქრის თასში ჩაასხით. საშუალო ცეცხლზე დადეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. მუდმივად ურიეთ.

3. მარილი, შაქარი და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთი ხარშეთ.

4. დაუმატეთ წითელი წიწაკა, შავი წიწაკა, მიხაკი და ძმარი. ყველა ინგრედიენტს აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 30 წუთი ხარშეთ. სურვილისამებრ, 1 წვრილად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.

5. ჭიქაში ცივი ანადუღარი წყალი ჩაასხით. მასში სახამებელი გახსენით, კოვზით კარგად ურიეთ. ნარევი პომიდვრის მასას წვრილად ჩაასხით. აკონტროლეთ, რომ კურკუტები არ წარმოიქმნას.

6. სახამებლის დამატების შემდეგ მასა გასქელებას დაიწყებს. კეტჩუპი სუსტ ცეცხლზე 7-10 წუთი გააჩერეთ, მუდმივად ურიეთ. საყვარელი მწვანილი შეგიძლიათ დაუმატოთ.

7. ქილები მოამზადეთ. თითოეული ქილა სოდით გარეცხეთ, წყალი კარგად გაავლეთ და ღუმელში 110 გრადუსზე 8-10 წუთი გაასტერილეთ.

თბილი კეტჩუპი სტერილურ ქილებში ჩაასხით. ანადუღარი თავსახურებით მოხუფეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაცივებამდე გააჩერეთ. კონსერვები ბნელ გრილ ადგილას ცივ სეზონამდე შეინახეთ. სასიამოვნო კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!