სოსისები საფუვრიან ცომში. შესანიშნავი წასახემსებელი და საუზმეც

281

გთავაზობთ ბევრისთვის ნაცნობ და საყვარელ ცომეულს სკოლის სასადილოდან. ვგულისხმობთ საკმაოდ მარტივ, გემრიელ და ხელმისაწვდომ კერძს, სოსისი საფუვრიან ცომში. მოცემული რეცეპტით ცომი რბილი და ჰაეროვანი გამოდის, ხოლო სოსისი წვნიანობას არ კარგავს.

მზა ნაწარმი რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეინახოთ, არ გახმება. საკმარისია, მაცივრიდან გამოიღოთ და მიკროტალღურში შეათბოთ. ჩაის მიაყოლეთ, სამსახურში წასახემსებლად წაიღეთ ან ბავშვებს სეირნობისას გაატანეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია სოსისების ცომში გაფორმების რამდენიმე საინტერესო მეთოდს გიზიარებთ.

როგორ გავაკეთოთ სოსისი საფუვრიან ცომში ლამაზი და მორთული

თუ გაფორმებაზე წვალება არ გიყვართ, სოსისი უბრალოდ გაშლილ ცომში მოათავსეთ და კიდეები შეკარით. გირჩევთ, ცოტა გაისარჯოთ და ხორციანი ნაწარმი ლამაზად გაახვიოთ. ზოგი სოსისს ცომის წვრილ გრაგნილში ახვევს, ზოგი ნაწნავს აკეთებს. სურვილისამებრ, ცომს ზემოდან თეთრი და შავი სეზამის თესლი მოაყარეთ. სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 4 გ ვანილი
  • 5 გ საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 25 გ მზესუმზირის ზეთი
  • 40 გ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 150 გ რძე
  • 25 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. ცომის ხაში მოამზადეთ. რძე შეათბეთ, საფუარი, შაქარი და 100 გ ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და 10 წუთით სითბოში გააჩერეთ.

2. ბუშტების გამოჩენის შემდეგ 1 კვერცხის გული და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ, ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ. 1 საათით სითბოში ამოსასვლელად გააჩერეთ.

3. მზა ცომი 10 თანაბარ ნაწილად გაყავით, პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

4. თითოეული გუნდა გრაგნილივით გააბრტყელეთ და მასში სოსისი გაახვიეთ. ცომი შეგიძლიათ დაფაზე გააბრტყელოთ, კიდეებზე ზოლებად დაჭრათ, შემდეგ მასში სოსისი ჩადოთ და ზემოდან ზოლები დაადოთ. ასე ლამაზი ნაწნავი გამოვა.

5. უმი სოსისები ცომში პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ერთმანეთს დააშორეთ. პირსახოცი გადააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

6. ზემოდან კვერცხის გულის და 2 კოვზი რძის ნარევი წაუსვით და 190 გრადუსზე 20 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.

რჩევა: ძალიან გრძელი სოსისები არ შეიძინოთ. ასე უფრო მეტი ცომი დაგჭირდებათ, ვიდრე რეცეპტშია მითითებული. სოსისის სიგრძე დაახლოებით 7-10 სმ უნდა იყოს. გემრიელად მიირთვით.