უჩვეულო კოტლეტები ჩვეულებრივი პროდუქტებისგან: 5 რეცეპტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს

1355

ჩვენი ყოველდღიური რაციონი კოტლეტების გარეშე რთული წარმოსადგენია! საყვარელი კერძი, რომელსაც ნებისმიერი გარნირი უხდება. რა უნდა ქნათ, თუ ცოტა ხნით მისი ამოღება გიწევთ, რომ სხეულის ფორმები წესრიგში მოიყვანოთ?

„გასტრონომია“ გთავაზობთ კოტლეტების 5 ახალ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენების გარეშე მიირთვათ.

დიეტური კოტლეტები

კერძის კალორიულობა უფრო რომ შეამციროთ, კოტლეტები ორთქლზე და საფანელის გარეშე მოამზადეთ. ამით გემო არ გაფუჭდება.

შვრიის კოტლეტები ქამა სოკოთი (სამარხვო)

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 100 გრ ქამა სოკო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • მწვანილი ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. შვრიის ფანტელებს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით ორთქლზე გააჩერეთ.
  2. ქამა სოკო, ოხრახუში და ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ.
  3. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ. სველი ხელებით კოტლეტები გამოძერწეთ და დარჩენილ შვრიის ფანტელებში ამოავლეთ. შემდეგ ტაფაზე ცოტა ზეთში შეწვით ან გამოაცხვეთ.

თევზის კოტლეტები მწვანე ბარდით

ინგრედიენტები:

  • 700 გრ ხეკის ან მინტაის ფილე
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 200 გრ გაყინული მწვანე ბარდა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს/კ დაფქული შვრიის ქატო
  • 1 კვერცხის გული

მომზადება:

  1. ქატო რამდენიმე წუთით რძეში ჩაალბეთ. ფილე და ნახევარი ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფარშს ქატო, კვერცხი, სანელებლები და გემოვნებით მარილი დაუმატეთ.
  2. დარჩენილი ხახვი წვრილად დაჭერით, გაყინული ბარდა დაუმატეთ. ბლენდერით ხახვის და ბარდის ნარევი დააბლენდერეთ. მიღებულ ნარევს კვერცხის გული დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ხელები წყალში დაისველეთ, თევზის ფარშიდან პატარა კვერები გააკეთეთ, ცენტრში ცოტა ბარდის შიგთავსი მოათავსეთ, კიდეები შეკარით და კოტლეტები გააკეთეთ.
  4. თევზის კოტლეტები ცოტა ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

თევზის კოტლეტები კვერცხით და შვრიის ფანტელებით

ინგრედიენტები:

  • 700 გრ ხეკის, მინტაის ან ვირთევზას ფილე
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ შვრიის ფანტელები (ფარშში)
  • 6 ს/კ დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები (საფანელისთვის)
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 100 გრ დარბილებული კარაქი
  • მწვანილი ქინძი ან ოხრახუში
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ფილე ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ მასას დაქუცმაცებული მწვანილი, 3 ს/კ შვრიის ფანტელები, ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ. ყველაფერი აურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
  2. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ, გაასუფთავეთ, კუბებად დაჭერით და თევზის ფარშს აურიეთ.
  3. სველი ხელებით ფარშიდან კოტლეტები გააკეთეთ, შიგნით 0,5 ჩ/კ კარაქი მოათავსეთ. ნაწარმი დაქუცმაცებულ შვრიის ფანტელებში ამოავლეთ, ოდნავ შეწვით და იმწამსვე საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
  4. კოტლეტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.

ქათმის კოტლეტები ხაჭოთი

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქათმის მკერდი
  • 200 გრ უცხიმო ხაჭო
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი კამა
  • 1 კვერცხი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • უტკბილო სიმინდის ფანტელები (საფანელისთვის)

მომზადება:

  1. ქათმის ფილე ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ფარშს ხაჭო, მარილი, წიწაკა, დაქუცმაცებული ნიორი, მწვანილი და კვერცხი დაუმატეთ.
  2. ყველაფერი აურიეთ. კოტლეტები გააკეთეთ, სიმინდის ფანტელებში ამოავლეთ და ცხიმწასმულ ფორმაზე მოათავსეთ. კოტლეტები 180 გრადუსაზე 30 წუთით აცხვეთ. სიმინდის ფანტელების ნაცვლად შეგიძლიათ სიმინდის ფქვილი გამოიყენოთ.

ქათმის კოტლეტები წიწიბურით

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ქათმის მკერდის ფარში
  • 100 გრ წიწიბურას ფაფა
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • წიწაკა გემოვნებით
  • 20 გრ დაფქული შვრიის ფანტელები

მომზადება:

  1. ქათმის ფარშს დაქუცმაცებული ხახვი, კვერცხი, სოიოს სოუსი, წიწაკა და წიწიბურას ფაფა დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  2. ამ მასიდან კოტლეტები გააკეთეთ და დაფქულ შვრიაში უხვად ამოავლეთ. ორივე მხრიდან ცოტა ზეთში შეწვით.

შესანიშნავია, ახლა საყვარელი კოტლეტები შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ. თქვენს მეგობრებს წვნიანი კოტლეტების ახალი რეცეპტის გაგება მოუნდებათ, აუცილებლად გაუზიარეთ!