ჭინჭრის მჭადი – ბევრისთვის უცნობი უგემრიელესი კერძი

1328

საქართველო ნამდვილად გამოირჩევა თავისი ულამაზესი კუთხეებით. დღეს გასტრონომიამ  რაჩა-ლეჩხუმის მრავალფეროვან სამზარეულოზე შეაჩერა არჩევანი და გადაწყვიტა კიდევ ერთი შესანიშნავი კერძი გაგაცნოთ. ეს არის ჭინჭრის მჭადი. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება, რადგან ეს კერძი ნამდვილად გახდება თქვენი საყვარელი თუ სასურველი კერძი.

ჭინჭრის მჭადი 

ინგრედიენტები:

  • ჭინჭარი 500 გ
  • ნიგოზი 200 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ცერეცო და ქინძი 50-50 გ
  • სიმინდის ფქვილი 500 გ
  • წყალი  1,5 ჩაის ჭიქა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული, გარეცხილი ჭინჭარი მოვხარშოთ, გავაგრილოთ, გავწუროთ და დავჭრათ.
  2. ცალკე ნიგოზთან ერთად დავნაყოთ ნიორი, ქინძი, ცერეცო და მარილი.
  3. ყველაფერი კარგად ავურიოთ დაჭრილ ჭინჭარს, შემდეგ კი გაცრილ სიმინდის ფქვილთან ერთად მოვზილოთ მჭადად და გამოვაცხოთ ტაფაზე ან კეცზე.

მეორე ვარიანტი 

მოვზილოთ მჭადის ცომი. გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ნელ-თბილ ცხიმიან ტაფაზე, დავადოთ ჭინჭრის გულსართი, დავაფაროთ გაბრტყელებული ცომის მეორე ნაწილი, შემოვუკეცოთ გვერდები და გამოვაცხოთ გაზქურაში.

ჭინჭრის მჭადის მსგავსად მზადდება წითელი მხალის მჭადიც.