კუპატს ქართულ კულინარიაში ორი მნიშვნელობა აქვს – ასე ეწოდება დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილ ნაწლავს, ძეხვის ერთგვარ სახეობას და სხვადასხვა სახის შიგთავსით დატენილ გამომცხვარ პურს. ღორის კუპატის დამზადება მთელი ცერემონიაა. ღორის დაკვლის შემდეგ შიგნეულობას გულდასმით და დიდხანს რეცხავენ და სხვადასხვა სანელებლის დამატებით მისგან ამზადებენ კუპატს, რომელიც კარგად ინახება და ზამთარში განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და გემრიელია.
ინგრედიენტები:
- ღორის შიგნეულობა (გული, ღვიძლი, თირკმელი) – 400 გ
- ნიორი – 2-3 კბილი
- ხმელი ქინძი – 7 გ
- ხმელი ქონდარი – 7 გ
- კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები – 35 გ
- უცხო სუნელი -5 გ
- მეგრული აჯიკა – 10 გ
- მარილი გემოვნებით
- ღორის ნაწლავი – 1 მეტრი
მომზადების წესი:
- ნაწლავი კარგად გარეცხეთ წყლით, შემდეგ გახეხეთ სიმინდის ფქვილით და ბოლოს ისევ წყალი გადაავლეთ. წვრილად დაკეპეთ შიგნეულობა, ჩაასრისეთ ნიორი, დაუმატეთ მარილი, დაფქული ხმელი ქინძი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, აჯიკა და კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები.
- ნაწლავი წამოაცვით ძაბრს და ისე გატენეთ გულსართით, რომ ბევრი ჰაერი არ შეჰყვეს. ბოლოს კუპატს თავი მოუკარით. სასურველია, 1 დღით მაცივარში გააჩეროთ, რომ შიგნეულობას არომატი გაუჯდეს. კუპატი ნემსით დაჩხვლიტეთ და ისე შეწვით ცხიმში ან 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით კეცით 35 წუთით, სანამ კარგად არ დაიბრაწება.